მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების 6 კანონქვემდებარე აქტიდან 2022 წლის 1 ივლისიდან 4 ძალაში უკვე შევიდა - მათ შორისაა მეორადი საბურავების, ზეთების, ელექტრონული მოწყობილობებისა და აკუმულატორების შესახებ რეგლამენტები, თუმცა ამ დრომდე უცნობია 2 დოკუმენტის ბედი. მათ შორისაა მეორეული ავტომობილები და მოცულობით ყველაზე დიდი შესაფუთი ნარჩენები. ამ უკანასკნელთან დაკავშირებით კერძო სექტორი აცხადებს, რომ საკითხთან მიმართებით კომუნიკაცია 5 წლის წინ დაიწყო, თუმცა პროცესები დროში გაჭიანურდა და კონსესუსი საბოლოო დოკუმენტთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც შესაფუთი ნარჩენების მართვა უნდა მოხდეს, ამ დრომდე მიღწეული არაა.
დადგენილება, რომლის მიხედვითაც შესაფუთი ნარჩენების მართვა კერძო სექტორმა უნდა განახორციელოს წლების წინ ევროკავშირის ექსპერტების ჩართულობით შემუშავდა, თუმცა მაშინ თბილისის მუნიციპალიტეტმა მისი შეცვლა მოითხოვა. დაიდო სქემა, რომელსაც ბიზნესის კრიტიკა მოჰყვა.
მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაციის ააიპ "ჯორჯია ფლასის" თავმჯდომარე გივი კალანდაძე ამბობს, რომ რომ ცვლილებები, რომელიც კანონქვემდებარე აქტში თბილისის მუნიციპალიტეტის ინიციატივით შევიდა მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების პრინციპს არღვევდა.
მისი თქმით, კომუნიკაცია საკითხთან დაკავშირებით ბოლო 1 წელია არ ყოფილა, შესაბამისად, დოკუმენტის ბედი ამ დრომდე უცნობია.
“მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ერთ-ერთი ქვაკუთხედი გახლავთ ის, რომ მწარმოებელს უნდა ჰქონდეს არჩევანი იმის თუ რომელი ოპერატორი იქნება მისთვის ტექნიკურად, ადმინისტრაციული თუ ფინანსური თვალსაზრისით მოგებიანი და არა წაგებიანი. იმისთვის, რომ მან შეასრულოს კანონით დავალებული პროცენტული ვალდებულება და შეაგროვოს მისი პროდუქციიდან წარმოქმნილი შესაფუთი ნარჩენები, რაც შეიძლება ნაკლები ხარჯით, მაგრამ კანონთან შესაბამისობაში.
კერძო სექტორს აქედან მოგება არასოდეს არ ექნება. ეს ყოველთვის დოტაციაზე არსებული მიმართულებაა, რაზეც კერძო სექტორი დაფინანსების ვალდებულებას იღებს. კერძო სექტორის ინტერესია, რომ ისე დახვეწოს ეს შეგროვების და გადამუშავების სისტემა, რომ რაც შეიძლება ნაკლები იყოს ხარჯი და მომხმარებელმა არ გადაიხადოს ზედმეტი.
ის შესწორებები, რომლებიც შევიდა თავის დროზე თბილისის მერიის მხრიდან არაოფიციალურად, არასდროს არ გვინახავს დოკუმენტის სახით. ამ დოკუმენტს გარემოს ეროვნულ სააგენტოში ვეცნობოდით. ისინი ითხოვდნენ, რომ აუცილებლად უნდა დაგვექირავებინა რომელიმე დასუფთავების სამსახური მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია კერძო სექტორს შეეძლო ძალიან მოგებიანი და საინტერესო შემოთავაზება.”-ამბობს გივი კალანდაძე
კითხვაზე რას კარგავს ქვეყანა იმით, რომ რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეგლამენტის მიღება დროში ჭიანურდება - გივი კალანდაძე გვპასუხობს, რომ რეგლამენტის მიღება მუნიციპალიტეტებს მნიშვნელოვან ხარჯებს გამოუთავისუფლდება, როგორც ნარჩენის შეგროვების ისე ნაგავსაყრელებზე მათი განთავსების ნაწილში, რადგან მისი თქმით, დღეს ნაგავსაყრელებზე განთავსებული ნარჩენის დიდი წილი სწორედ შესაფუთი ნარჩენზე მოდის.
“5 წელია ერთი და იგივე ადგილს ვტკეპნით, არც დისკუსია არ მიმდინარეობს. ვიღაცას რაღაც მოსაზრება გააჩნია, მაგრამ ჩვენ არ გვქონია მოსაზრება, რომ დავმსხდარიყავით და გაგვეარა ეს საკითხი. ვკარგავთ ძალიან ბევრს. ჯერ ერთი რომ გარემო უფრო დასუფთავებული იქნებოდა, ბევრი სამუშაო ადგილი გაჩნდებოდა. ასევე ამუშავდებოდა დროებით დახურული საწარმოები, რომლებიც ორიენტირებულები იყვნენ შესაფუთი მასალების რეციკლირებაზე. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი თანხები დაეზოგებოდათ მუნიციპალიტეტებს, როგორც ნარჩენების შეგროვების თვალსაზრისით ისე ნაგავსაყრელების მოვლა პატრონობის კუთხით, იმიტომ რომ ნაგავსაყრელებზე დიდი წილი შესაფუთი ნარჩენია.”-ამბობს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაციის ააიპ "ჯორჯია ფლასის" თავმჯდომარე გივი კალანდაძე.
როგორც ცნობილია, 2022 წელს BM.GE-თან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი აცხადებდა, რომ შესაფუთ ნარჩენებთან დაკავშირებული რეგლამენტი 2022 წლის 1 სექტემბრიდან მიღებული უნდა ყოფილიყო.