მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნათია თურნავა - მნიშვნელოვანია, რომ მსხვილი სახელმწიფო ენერგოკომპანიები 2019 წელს საოპერაციო მოგებით ასრულებენ

5decac710f788
BM.GE
08.12.19 11:47
1042
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ სახელმწიფო წილობრივი ენერგეტიკული კომპანიების - „სახელმწიფო ელექტროსისტემისა“ და „საქრუსენერგოს“ წლიური ანგარიშები მოისმინა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ (სსე) მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ უჩა უჩანეიშვილმა კომპანიის 2019 წლის ანგარიში წარადგინა. სამინისტროს ინფორმაციით, კომპანია 2019 წელს საოპერაციო მოგებით ასრულებს. 

"ანალოგიური შედეგი აქვს კიდევ ერთ მსხვილ სახელმწიფო ენერგოკომპანიას „საქრუსენერგოს“, რომელიც ფლობს და ექსპლუატაციას უწევს 500, 330 და 220 კვ ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზებს, მათ შორის, საქართველოს ენერგოსისტემის დამაკავშირებელ ხაზებს რუსეთთან, აზერბაიჯანთან და თურქეთთან. „საქრუსენერგოს“ გენერალური დირექტორის ბაჩანა სულაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ 2018-2019 წლებში კომპანიის ელექტრო-გადამცემი ინფრასტრუქტურა გამართულად ფუნქციონირებდა, რის გამოც აღნიშნულ პერიოდში სისტემის საავარიო გამორთვას ადგილი არ ჰქონია. ბაჩანა სულაძის განცხადებით, კომპანიას ფინანსური მაჩვენებლები საშუალებას აძლევს, განახორციელოს პროექტები საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების 10-წლიანი გეგმიდან, რომლებიც მნიშვნელოვანია როგორც საქართველოს ენერგოსისტემის მდგრადობისა და საიმედოობისთვის, ასევე კომპანიის შემდგომი განვითარებისთვის,"- ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში. 

„ელექტროგადამცემი ქსელის მდგრადობა საქართველოს უწყვეტი ენერგომომარაგებისთვის უმნიშვნელოვანესია. ასევე, აუცილებელია აღნიშნულ ინფრასტრუქტურაში დამატებითი ინვესტიციის განხორციელება იმ რეალობის გათვალისწინებით, რომლებიც ქვეყანას აუცილებლად ექნება მას შემდეგ, რაც ქვეყანაში გენერაციის ახალი ობიექტები აშენდება, ჩვენი ენერგოსისტემა კი უფრო მეტად ჩაერთვება ევროპის ენერგეტიკულ ქსელში. ამიტომ, ძალიან საგულისხმოა იმის აღნიშვნა, რომ ორივე კომპანია - „სახელმწიფო ელექტროსისტემა“ და „საქრუსენერგო“ დღეს ფინანსურად მდგრადი სტრუქტურებია. ორივე კომპანიამ 2019 წელი საოპერაციო მოგებით დაასრულა, რაც კარგი მაგალითია სხვა სახელმწიფო კომპანიებისთვის“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ პრეზენტაციების დასრულების შემდეგ.

ეკონომიკის სამინისტრო მის სისტემაში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სხვა პროფილური სახელმწიფო კომპანიების წლიური ანგარიშების მოსმენასაც გეგმავს. 

სახელმწიფო ელექტროსისტემისა და საქრუსენერგოს 2019 წლის სრული ფინანსური ანგარიშგება საჯაროდ ხელმისაწვდომი 2020 წელს გახდება.

2018 წელს სსე-ს კონსოლიდირებული აუდიტორული ანგარიშგების მიხედვით, კომპანიას 227 მილიონი ლარის შემოსავალი და 46.7 მილიონი ლარის წმინდა მოგება ჰქონდა. საქრუსენერგოს შემოსავალი კი 33.6 მილიონი ლარი, წმინდა მოგება კი 15.2 მილიონი ლარი იყო.