მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნათია თურნავა: ჩვენ ასე თუ ისე ჩავატარეთ ტურისტული სეზონი

612e40542ba0e
თელარა გელანტია
31.08.21 19:15
571
„ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ ეკონომიკა არ ჩერდება, ეკონომიკა ვითარდება და მართლაც უპრეცედენტო ზრდაა“, - ასე უპასუხა დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტის კითხვას იმის თაობაზე, თუ როგორ აისახება მოსახლეობაზე ეკონომიკის ზრდის მაღალი ტემპი.

ამასთან, როგორც თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, ლარის კურსი დასტაბილურებულია, რაც უახლოეს თვეებში პროდუქტების ფასებზეც აისახება.

„ჩვენ არ ვიმყოფებით ჩვეულებრივ ვითარებაში, არის პანდემია, რომელიც წინა საუკუნეშიც არ გვახსოვს. შესაბამისად, ამას მოჰყვება გლობალური ეკონომიკური სირთულეები და ეს სირთულეები სხვადასხვა რამეში ვლინდება. ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ ეკონომიკა არ ჩერდება, ეკონომიკა ვითარდება და მართლაც უპრეცედენტო ზრდაა. რას ნიშნავს ეს ზრდა რიგითი ადამიანისთვის და ოჯახებისთვის - პირველ რიგში, ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანები აღარ დაკარგავენ სამსახურს და შეიქმნება მეტი ახალი სამუშაო ადგილი, ხელფასები და ახალი საარსებო წყარო იქნება უფრო მზარდი იმიტომ, რომ განვითარებული ბიზნესი ნიშნავს ახალ სამუშაო ადგილებს.

კიდევ რას ნიშნავს ეს - ეს ნიშნავს იმას, რომ სავალუტო შემოდინება ქვეყანაში კვლავაც შენარჩუნდება. ექსპორტი იზრდება, ასევე ჩვენ ასე თუ ისე ჩავატარეთ ტურისტული სეზონი - ეს იძლევა შესაძლებლობას, რომ ჩვენი ლარი იყოს მეტად სტაბილური, რაც აქამდე იყო დიდი გამოწვევა. როდის ითარგმნება ეს სამომხმარებლო პროდუქტების ფასებში - ვფიქრობთ, წლის ბოლომდე სტაბილიზაციის პროცესი წავა. ეს არის საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ეროვნული ბანკის პროგნოზი, რომ ინფლაციური პროცესები უფრო შემცირდება; თუნდაც იმის გამო, რომ ლარი სტაბილურია, იმპორტული საქონელი კურსთა სხვაობის გამო აღარ გაძვირდება.

რა თქმა უნდა, არსებობს სხვადასხვა ფაქტორი ისეთ პროდუქტებზე, რომელსაც ვერ ჩავანაცვლებთ - ნავთობპროდუქტები, ბენზინი, საწვავის ფასები მთელ მსოფლიოში იზრდება, მაგრამ იმ ნაწილში, რაც დაკავშირებული იყო კურსთა სხვაობასთან, ეს ზეწოლა მოიხსნება. აქედან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ უახლოეს რამდენიმე თვეში თანდათან ეს აისახება სხვადასხვა პროდუქტზე, თუმცა ჩვენ მზად ვართ, და ამაზე პრემიერმაც ისაუბრა არაერთხელ, რომ ჩავერიოთ უფრო პროაქტიულად იმ სასაქონლო ჯგუფებში, რომელიც მეტად მტკივნეულია მოსახლეობისთვის. მაგალითად, საუბარია მედიკამენტების ფასებზე, სადაც ვფიქრობთ, რომ არ არის მთლად ეკონომიკური ფაქტორებით დასაბუთებული ის მაღალი ზრდა, რასაც ვხედავთ. აქ შესაბამისი სამსახურები, იგივე კონკურენციის სააგენტო საკითხში ჩაიხედება და ამაზეც ჩვენ განვაცხადეთ “, - თქვა ნათია თურნავამ.