მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საერთაშორისო ტურისტების რაოდენობა დაბალი ტემპით გაიზრდება" - G&T-მა ტურიზმიდან შემოსავლების პროგნოზი შეამცირა

თბილისი

Galt & Taggart-ის მოლოდინით, 2026 წელს საქართველოში საერთაშორისო ტურისტების რაოდენობა დაბალი ერთნიშნა ტემპით გაიზრდება. ამის შესახებ ტურიზმის 2026 წლის I კვარტლის შეჯამებაშია აღნიშნული.

ამასთან, Galt & Taggart-მა გადახედა ტურიზმიდან შემოსავლების პროგნოზს და ელის, რომ ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2026 წელს 4.9 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს. ეს მაჩვენებელი შემცირებულია თავდაპირველ პროგნოზთან შედარებით (5 მლრდ აშშ დოლარი) და ეფუძნება დაშვებას, რომ ირანის ესკალაცია მოკლევადიანი იქნება.

საინვესტიციო ბანკის თანახმად, ისრაელ-ირანის კონფლიქტთან დაკავშირებული შემაფერხებელი ფაქტორები, მათ შორის საავიაციო ხარჯების ზრდა, სავარაუდოდ, წლის პირველ ნახევარზე იქონიებს გავლენას. თუმცა, მეზობელი ქვეყნებიდან სახმელეთო ტურისტების ზრდა, ასევე, ჩინეთიდან, ევროკავშირიდან და რუსეთიდან მზარდი საჰაერო ნაკადები, ხელს შეუწყობს ტურისტების საერთო ზრდას 2026 წელს. ამასთან, აზერბაიჯანთან სარკინიგზო მიმოსვლის შესაძლო აღდგენა ვიზიტორების დამატებით ზრდის პოტენციალს წარმოადგენს.

რაც შეეხება არსებულ დიმანიკას, 2026 წლის I კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა წლიურად 0.2%-ით შემცირდა და 1.2 მლნ შეადგინა. ვიზიტორების რაოდენობა მოიცავს როგორც ტურისტულ, ისე ერთდღიან ვიზიტებს. შესაბამისად, 2026 წლის I კვარტალში ტურისტების რაოდენობა წლიურად 4%-ით გაიზარდა და 1 მლნ-ს მიაღწია, ხოლო ერთდღიანი ვიზიტორები წლიურად 19%-ით შემცირდა და 0.2 მლნ შეადგინა.

საერთაშორისო ვიზიტორების ზრდამ რუსეთიდან (+5.2% წ/წ), თურქეთიდან (+5.8% წ/წ), უკრაინიდან (+24.5% წ/წ), ჩინეთიდან (+48.6% წ/წ) და ევროკავშირიდან (+30.2% წ/წ) დააკომპენსირა ვიზიტორების კლება ახლო აღმოსავლეთიდან, ინდოეთიდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან. ირანის კონფლიქტის ფონზე, ისრაელიდან ვიზიტორები წლიურად 17.5%-ით, ირანიდან კი 48.8%-ით შემცირდა. ინდოეთიდან ვიზიტორების 29.5%-იანი კლება ორ ძირითად ფაქტორს უკავშირდება: ინდოეთის უმსხვილესი ავიაკომპანიის, IndiGo-ს მიერ თბილისის მიმართულებით ფრენების შეჩერებას და ინდოეთიდან ქუთაისის მიმართულებით არაპირდაპირი ფრენების შეზღუდვას.

I კვარტალში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 0.5%-ით გაიზარდა და 829.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ზრდა ძირითადად ევროკავშირიდან (+36.4% წ/წ), თურქეთიდან (+12.2% წ/წ), უკრაინიდან (+34.2% წ/წ) და საუდის არაბეთიდან (+47.6% წ/წ) მიღებულმა შემოსავლებმა განაპირობა, მაშინ, როცა ახლო აღმოსავლეთის სხვა ძირითადი ქვეყნებიდან შემოსავლები მნიშვნელოვნად შემცირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები