22.ოქტომბერი .2019 14:53

ნათია თურნავა: რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენას ჩვენ მხოლოდ მივესალმებით

views 469
უკან

„ჩვენი შესაბამისი სამსახურები, ვინც საჰაერო სივრცის საკითხებს განაგებს, მზად არიან და უკვე მათ გარკვეული წერილობითი კომუნიკაცია ჰქონდათ, რათა საჭიროების შემთხვევაში დიალოგში ჩაერთონ,“ - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ რუსეთთან  პირდაპირი ავიამიმოსვლის შესაძლო აღდგენის კომენტირებისას განაცხადა, თუმცა მინისტრს  კონკრეტული ვადების დასახელება უჭირს.  

„ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით კონკრეტული ვადების თქმა გამიჭირდება იმიტომ, რომ ეს გადაწყვეტილება ჩვენ მიერ მიღებული არ არის, მაგრამ ჩვენი აზრით, რაც მალე აღდგება, მით უკეთესი იქნება ორივე მხარისთვის.

ჩვენ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობები გვაქვს. რაც შეეხება ფრენების აღდგენას, არაერთხელ გვითქვამს, რადგან ფრენებმა დააზარალა უბრალო ადამიანები, ჩვენი ოჯახები, მცირე ბიზნესი და საოჯახო სასტუმროები, ჩვენ მხოლოდ მივესალმებით თუკი ეს გადაწყვეტილება გადაიხედება და ფრენები აღდგება", - განაცხადა თურნავამ.


შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 8 ივლისიდან საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირი რეისებით ავია მიმოსვლა შეწყდა. აღნიშნული გადაწყვეტილება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მიმდინარე წლის 21 ივნისს ე.წ. "გავრილოვის ღამის" შემდეგ მიიღო.