მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოში სპეციალური ფინანსური ზონა "ბოლო თაობის" იქნება

61e53995895d0
შოთა ტყეშელაშვილი
17.01.22 13:58
1721
საქართველოს მთავრობა ახალი ტიპის თიზ-ს ქმნის, “სპეც. ფინანსური ზონა” 110 ჰექტარზე თბილისსა და გონიოში განთავსდება. ამის შესახებ დღეს მთავრობის სხდომაზე პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, სპეც. ფინანსურმა ზონებმა საქართველოს რეგიონული ფინანსური ცენტრის სტატუსი უნდა მოუტანოს. ამისთვის კი ჯერ საკანონმდებლო ცვლილებებია საჭირო, ხოლო ამ ფინანსური ცენტრების მოდელთან დაკავშირებით მთავრობას კონსულტაციებს Rothschild-ის საინვესტიციო ჰოლდინგი გაუწევს, რომელთანაც მთავრობამ კონტრაქტი დეკემბერში გააფორმა.

BMG-იმ ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას კითხა, თუ რა სახის შეღავათებს შეთავაზებს ეს ცენტრები უცხოელ ინვესტორებს. მინისტრმა განაცხადა, რომ საუბარია სამი მიმართულებით სპეციალური რეჟიმის დანერგვაზე, თუმცა უშუალოდ დეტალები ამ დროისთვის გადაწყვეტილი და შეთანხმებული არაა. მინისტრის თქმით, ფინანსური ზონის კონცეფცია "ბოლო თაობის" მოდელს დაეფუძნება.

“ფინანსური ზონების შექმნა არის თანამედროვე ტიპის ზონა. ჩვენ აქამდე გვქონდა უფრო ინდუსტრიული ტიპის ზონები, ახლა საუბარია ბოლო თაობის, თანამედროვე ფინანსურ ზონაზე, რაც მოქმედებს არაერთ ქვეყანაში და ამის კარგი მაგალითია ახლო აღმოსავლეთში დუბაის საერთაშორისო ფინანსური ცენტრი, ასევე აბუ-დაბის საერთაშორისო ფინანსური ზონა, სადაც მთელი კუნძულია მოწყობილი, რათა იქ საერთაშორისო ფინანსური სერვისების მიმწოდებელი კომპანია დარეგისტრირდეს და საქმიანობა შეძლოს. ამ ზონაში იქნება განსაკუთრებული პირობები, მიმზიდველი ფინანსური სპექტრის საერთაშორისო კომპანიებისთვის.

ეს სივრცე იქნება ფინტექისთვის, სასაქონლო ტრეიდინგისთვის, საბროკერო ოპერაციებისთვის.

ეს იქნება კარგი პლატფორმა ძლიერი საერთაშორისო კომპანიებისთვის, ვინც გადმოვა და დარეგისტრირდება და საქმიანობას გადმოიტანს ამ ზონებში. ეს არის შესაძლებლობა არამხოლოდ უცხოური, არამედ ქართული კომპანიებისთვისაც, რადგანაც ზონის შექმნას წინ უძღვის დეველოპმენტის სამუშაოები, რადგან აშენდეს მაღალი კლასის საოფისე თუ საცხოვრებელი ფართები და ინფრასტრუქტურა.

საჭიროა სამართლებრივი, რეგულატორული და ფისკალური სამუშაოების ჩატარებაც.

ჩვენ კარგად ვართ განთავსებული, თუნდაც დროითი სარტყელი რაც გვაქვს, არის ისეთი, რომელსაც შეუძლია მოემსახუროს როგორც აზიურ ფინანსურ ბაზრებს, ასევე ევროპულ ფინანსურ ბაზრებს. ასევე მნიშვნელოვანია ზოგადი სტაბილურობა, როგორც მაკროეკონომიკური სტაბილურობა, ასევე პოლიტიკური სტაბილურობა და ის რეფორმები, რაც გატარდა საქართველოში პოზიციონირებს, როგორც დასავლურ მოდელზე ორიენტირებული ბიზნეს კანონმდებლობის განმავითარებელი ქვეყანა.

ჩვენთან ბევრ ევროპულ და აზიურ ქვეყნებთან შედარებით უფრო იაფია კომუნალური მომსახურება, ცხოვრების ღირებულება და ბიზნესის დანახარჯები. ესეც რა თქმა უნდა იქნება მიმზიდველი.

რატომ თბილისი და გონიო? - მსგავსი ზონა უნდა იყოს განვითარებული მსხვილ ურბანულ ცენტრთან ახლოს. უნდა იყოს განლაგებული საერთაშორისო აეროპორტებთან ახლოს. ასევე ეს უნდა იყოს ცალკე კომპაქტური ტერიტორია, ამიტომაც შეირჩა გონიო და თბილისის ზღვა.

ბოლო პერიოდში სწრაფად ვითარდება სტარტაპები და სერვისების აუთსორსის ბიზნესი. ეს გამოცდილებაც გამოგვადგება.

რაც შეეხება დანარჩენ დეტალებს, ფინანსური ზონა გაითვალისწინებს სამი მიმართულებით განსხვავებულ რეჟიმებს. ეს იქნება სამართლებრივი, მეორე ესაა რეგულატორული და ფისკალური, თუმცა ფისკალური მხრივ ბევრი ლიბერალიზაციის შესაძლებლობა არაა, რადგანაც ჩვენი საგადასახადო სისტემა ისედაც ლიბერალურია. ჩვენ შევთავაზებთ სპეციალურ რეჟიმს. ჩვენ ამისთვის გვჭირდება მაღალკვალიფციური რჩევა, ამისთვის არის მოწვეული Rothschild & Co,”- განაცხადა ნათია თურნავამ.