ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა ამბობს, რომ 2022-2023 წლებში მიგრანტების ეფექტი საქართველოს ეკონომიკაში მნიშვნელოვანი იყო, თუმცა ეროვნული ბანკი ამას როგორც გრძელვადიან ფაქტორს არასოდეს უყურებდა.
როგორც თურნავამ შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ეს [მიგრანტები] იყო ფაქტორი, რომელმაც ეკონომიკურ ზრდაში და ეკონომიკურ აქტივობაში თავისი კონტრიბუცია შეიტანა. "მათ შორის შეიტანა ფულად ბაზარზეც, რამაც საშუალება მოგვცა, რომ ყოველგვარი კურსზე დაწოლის გარეშე შეგვეძინა მილიარდ ნახევარზე მეტი დოლარი და შეგვევსო ჩვენი რეზერვები, რაც სხვა შემთხვევაში ალბათ ამ დოზით ვერ მოხდებოდა. გაიზარდა ასევე არარეზიდენტების დეპოზიტების წილიც. ესეც ფაქტორი იყო ჩვენს ეკონომიკაში. ბუნებრივია ჩვენ ამას არასოდეს გრძელვადიან ფაქტორად მივიჩნევდით. ეს ერთჯერადი ფაქტორი იყო და მას შემდეგ, რაც ომის მყისიერი ეფექტი მიილია, ეს სწორედ ამას ნიშნავს. თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ სხვა ფაქტორები იგივე ეკონომიკურ ზრდას განაპირობებს, ეს არის სხვადასხვა დარგის განვითარება. თუნდაც კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ ის, რომ ჩვენი ქვეყნის რისკ-პრემია თანდათან შემცირდება და საინვესტიციო მიმზიდველობა გაიზრდება. ეს თავისთავად იმოქმედებს, ამიტომ ჩვენ ამაზე გათვლას არ ვაკეთებთ.
რაც შეეხება ბოლო მონაცემებს, რუსეთიდან გზავნილები არის შემცირებული, მართალია პრეპანდემიურ დონეზე ორჯერ მეტია, მაგრამ როცა 2022-ში, 2023-ში პიკში დაახლოებით 3-4-ჯერ მეტი იყო შემოდინება, ახლა უფრო ნორმალიზებისკენ არის წასული. წინა პლანზე უფრო ევროკავშირი, აშშ გადმოდის. ისევ ვამბობთ, რომ პრეპანდემიურ ტრენდს დავუბრუნდით, ამ ნაწილშიც მოხდა ნორმალიზება და ჩვენმა ეკონომიკურმა ზრდამ უფრო მდგრადი სახე შეიძინა“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
მისივე თქმით, ინფლაციაში ქირის წილი მაღალია, თუმცა როცა ვსაუბრობთ, რომ პრეპანდემიურ ტრენდზე ვბრუნდებით, მათ შორის ვამბობთ, რომ ქირის წილით ნორმალიზდება.