მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

NDI-ის კვლევის 7 მიგნება - რას ფიქრობენ/აპირებენ საქართველოს მოქალაქები

5f5f4090a7a6f
ინგა მურუსიძე
14.09.20 14:20
1518
„ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა“(NDI-მ) საზოგადოებრივი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევა აგვისტოში ჩატარდა და ასახავს როგორც საარჩევნო, ისე ეკონომიკურ, სოციალურ და ადგილობრივ საკითხებს. როგორც კვლევის ავტორები განმარტავენ, გამოკითხვის მიზანია, საარჩევნო კანდიდატებისთვის ინფორმაციის მიწოდება, რათა მათ მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მორგებული პროგრამების შემუშავება, საარჩევნო კამპანიაში მოქალაქეები ეფექტურად ჩართვა და მათი პრიორიტეტების დაპირებებსა და პროგრამებში ასახვა შეძლონ.

NDI იმ 7 მიგნებაზე წერს, რომელიც კვლევის დროს გამოიკვეთა:

1. მოსახლეობის უმეტესობა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს (88%), თუმცა ჯერ კიდევ არ აქვს გადაწყვეტილი, თუ ვის მისცემს ხმას (59%). მოსახლეობისთვის საჭირბოროტო საკითხები ძირითადად ეკონომიკას ეხება და ისინი კანდიდატებისგან პრობლემების გადაჭრის გზებზე საუბარს მოელიან.

2. სასურველი კანდიდატის შერჩევისას მოსახლეობა, პირველ რიგში, პარტიის ეკონომიკურ პოლიტიკას (36%), ჯანდაცვის პოლიტიკას (12%) და კანონის უზენაესობასთან დაკავშირებულ პოლიტიკას (12%) მიიღებს მხედველობაში.

3. მოქალაქეების მხრიდან ეკონომიკაზე აქცენტი თანხვედრაშია მოსახლეობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების ჩამონათვალთან, რომლის სათავეშიც უკვე წლებია დასაქმება (49%), სიღარიბე (39%) და ფასების ზრდა/ინფლაცია (20%) ექცევა.

4. ზრდასრული მოსახლეობის მეოთხედი აცხადებს, რომ უმუშევარია, რაც ივნისის კვლევასთან შედარებით შვიდი პროცენტით გაზრდილი მაჩვენებელია. ეს, სავარაუდოდ, კორონავირუსის ეკონომიკური გავლენის შედეგია.

5. ადგილობრივ დონეზე მოსახლეობა ყველაზე მეტად გზების მდგომარეობაზე (31%), წყალმომარაგებაზე (22%), გარემოს დაბინძურებასა (13%) და საცობებზე (13%) წუხს. თბილისში მთავარ პრობლემებად საცობებს და გარემოს დაბინძურებას, სხვა ქალაქებში და სოფლებში კი წყლისმომარაგებასა და გზებს ასახელებენ.

6. არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, მოსახლეობის უმეტესობა (56%ი) დარწმუნებულია, რომ საპარლამენტო არჩევნები თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარდება.

7. გარკვეული საკითხები მაინც იწვევს მოსახლეობის წუხილს. მოქალაქეების მესამედი აცხადებს, რომ ამომრჩევლების მოსყიდვა არჩევნების სამართლიანად ჩატარებისთვის ყველაზე დიდ გამოწვევას წარმოადგენს. ამას მოსდევს დარღვევები ხმის მიცემის პროცედურებში (15%) და ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენება (13%). ეს განწყობები თანხვედრაშია NDI-ის წინასაარჩევნო გარემოს შეფასების ძირითად მიგნებებთან.