მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გათვლა იყო, რომ 4 500 საწოლი დაგვჭირდებოდა, თუმცა 9000-ზე მეტის მობილიზაცია მოხდა" - ჯანდაცვას ბიუჯეტი ეზრდება

619f71dcd7728
შოთა ტყეშელაშვილი
25.11.21 15:49
589

პარლამენტი 2021 წლის ბიუჯეტის კორექტირების კანონპროექტს განიხილავს. სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, რომ არსებული ბიუჯეტი ითვალისწინებდა გათვლას, რომ 2021 წლის მეორე ნახევარში COVID-19-ის მართვისთვის ჯანდაცვის სამინისტროს 4500 საწოლი ეყოფოდა. ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, დამძიმებული ეპიდემიური ვითარების გამო, ფაქტობრივად 9000-ზე მეტი საწოლის მობილიზაცია მოხდა, რამაც ბიუჯეტის გადახარჯვა გამოიწვია. ამის გამო, სამინისტროს 376 მილიონი ლარი ემატება.

“იყო გათვლა, რომ 4500 საწოლის საწოლფონდი დაგვჭირდებოდა წლის მეორე ნახევარში, მაგრამ სამწუხაროდ, ვაქცინაციის პროცესი არ იყო ისეთი მაღალი, როგორი მოლოდინიც არსებობდა, ამიტომ რეალურად ვნახეთ, რომ რეალურად 9000-ზე მეტი საწოლის მობილიზაცია გახდა საჭირო. შესაბამისად, წარმოიქმნა დეფიციტი და იმისათვის, რომ ჯანდაცვის ხარჯი დაფინანსდეს, საჭიროა თანხების დამატება,”- აცხადებს გიორგი კაკაურიძე.

მთავრობის განმარტებით, ბიუჯეტის მატება ძირითადად ჯანდაცვის სამინისტროს შეეხება, რაც COVID-19-ის მართვის ხარჯებს უკავშირდება. სამინისტროს დაფინანსება 376 მილიონი ლარით, 6.47 მილიარდ ლარამდე გაიზრდება. კოვიდის მართვასთან ერთად, ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის ზრდა პენსიონერთა ვაქცინაციის წამახალისებელი პროგრამითაც არის გამოწვეული, რადაგანაც 2021 წლის 1 იანვრამდე ყველა აცრილი პენსიონერი სახელმწიფოსგან 200-ლარიან დანამატს იღებს.