18.იანვარი .2021 18:14

ნოემბერში ბანკების მოგება 85 მლნ იყო, 11 თვეში კი სექტორმა 1.4 მლნ ლარით იზარალა

ნოემბერში ბანკების მოგება 85 მლნ იყო, 11 თვეში კი სექტორმა 1.4 მლნ ლარით იზარალა
views 606
უკან

2020 წლის ნოემბერში საქართველოში არსებული 15 კომერციული ბანკის ჯამური მოგება 84.5 მილიონი ლარი იყო. ამასთან, სექტორმა 11 თვის გამნავლობაში ჯამურად 1.4 მილიონი ლარის ზარალი განიცადა.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ნოემბერში ფინანსური ინსტიტუტების საპროცენტო შემოსავლები გაუმჯობესდა და 355.1 მილიონ ლარს მიაღწია, რაც წლიურად 9.9.%-ით არის გაზრდილი.

11 თვის ჭრილში ზარალის განმაპირობებელი ფაქტორი საბანკო სექტორის მიერ მარტში განხორციელებული ფინანსური ოპერაციაა, რადგან 2020 წლის მარტში ბანკებმა მოსალოდნელი საკრედიტო დანაკარგების ბუფერში 1.2 მილიარდი ლარი დაარეზერვეს. ეს ქვეყანაში მოსალოდნელი კრიზისის წინ, საკრედიტო დანაკარგებისთვის რესურსების წინასწარ ჩამოწერას წარმოადგენდა.

საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტის განცხადებით, საბანკო სისტემა მოგება-ზარალის თვალსაზრისით 0-თან ახლოს იქნება. ამის შესახებ მან "Forbes კვირასთან" ინტერვიუში 2020 წელს საბანკო სექტორზე პანდემიის გავლენაზე საუბრისას განაცხადა.

„ბანკების ნაწილი უკვე არის მოგებაზე, მაგრამ ეს უმნიშვნელო მოგებაა. სისტემის მოგება მთლიანად 0-თან ახლოს იქნება, ეს იქნება ზარალი თუ მოგება, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, იმდენად უმნიშვნელო რიცხვი იქნება.

აქვე, ცალსახად უნდა ვთქვათ, რომ საბანკო სექტორი ყოველთვიურად საოპერაციო მოგებაზე იყო ანუ ფუნქციონირებს, მუშაობს და საოპერაციო მოგებას აგენერირებს. ზარალი ძირითადად ასახულია იმ რისკების შეფასების თვალსაზრისით, რაც ეხებოდა კონკრეტულად საკრედიტო პორტფელს და საკრედიტო პორტფელის რისკის ასახვა მოჰყვა რეალურად მოგება-ზარალში“, - განაცხადა საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა.

მისივე შეფასებით, საქართველოს საბანკო სისტემა პანდემიიდან გამოწვეულ კრიზისს მომზადებული შეხვდა, თუმცა ჯერ ნაადრევია საუბარი იმაზე, თუ რამდენად გაუარესდება საკრედიტო პორტფელი მომდევნო თვეების განმავლობაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა