მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ოცნების“ დეპუტატი საპოლიციო გამოსახლების წესის აღდგენის მომხრეა

63395bc35dcd5
თელარა გელანტია
02.10.22 14:00
1803
„ქართული ოცნების“ დეპუტატი ბეჟან წაქაძე ე.წ. საპოლიციო გამოსახლების წესის აღდგენის მომხრეა. ამის შესახებ მან bm.ge-სთან ინტერვიუში საპოლიციო გამოსახლების ინსტიტუტის აღდგენის საჭიროებასა და აუცილებლობაზე საუბრისას განაცხადა.

საქმე ის არის, რომ 2015 წლის 29 დეკემბერს „ქართული ოცნების“ პარლამენტის გადაწყვეტილებით, ე.წ. საპოლიციო გამოსახლების წესი გაუქმდა. ამ ცვლილებით უკანონოდ მითვისებული ქონების კანონიერ მესაკუთრესთან გადასვლის წესები მნიშვნელოვნად გართულდა, რადგან თუ 2015 წლამდე უძრავ ქონებაში უკანონოდ მყოფი ან შეჭრილი პირის გამოყვანა პოლიციის ძალით ხდებოდა, 2016 წლიდან პირის საცხოვრებელი ფართიდან გამოყვანა/გამოსახლება მხოლოდ და მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, აღსრულების პოლიციის მიერაა შესაძლებელი.

უნდა აღდგეს თუ არა ე.წ. საპოლიციო გამოსახლების წესი? - რუსეთ-უკრაინის ომიდან გამომდინარე, საქართველოში გაზრდილი მიგრანტების ფონზე ეს კითხვა უფრო და უფრო ხშირად ისმის. უძრავი ქონების ექსპერტები და იურისტები უკვე საუბრობენ რისკებზე და არის გარკვეული მაგალითებიც, როდესაც პირები ქირაობენ ბინას ან კომერციულ ფართს, შემდეგ არ იხდიან ქირის ფულს, მაგრამ არც უძრავ ქონებას ტოვებენ; კანონიერ მესაკუთრეს კი არ აქვს ბერკეტი, რომ კუთვნილი ქონება ოპერატიულად დაიბრუნოს.

„ეს კანონი <საპოლიციო გამოსახლების წესი>, რა თქმა უნდა, მისაღებია. ეს არამარტო დღევანდელ მდგომარეობას ესადაგება და აუცილებელია, არამედ გუშინ და გუშინწინაც იყო მისაღები. დღეს არსებული კანონმდებლობით, ბინის გამქირავებელს თუ ის არ გადაუხდის ქირას, ათასი სასამართლო და აღსრულების მექანიზმი სჭირდება, რომ მისი ქონება დაიბრუნოს. ნებისმიერი ქონება შეიძლება იყოს თქვენი და ვიღაც შევიდეს შიგნით და დაიკავოს და ფაქტობრივად სასამართლოში წლები გრძელდება და კანონია მისაღები და არა დღევნადელი სიტუაციიდან გამომდინარე“, - აცხადებს ბეჟან წაქაძე.

„ოცნების“ დეპუტატმა BMG-სთან ინტერვიუში ის პერიოდი გაიხსენა, როდესაც ჯერ კიდევ სამშენებლო-დეველოპერულ ბიზნესში იყო და საპოლიციო გამოსახლების წესის გაუქმების გამო სამართალს გადატვირთულ სასამართლოში წლები ელოდა.

„მე მქონდა შემთხვევა - უცხოელები შემოვიდნენ <ჩემს უძრავ ქონებაში> და წლები მომიწია ლოდინი, რომ საჯარო რეესტრიდან მოხსნილიყო ვალდებულება... რამდენიმე სასამართლო პროცესი დამჭირდა, ამიტომ ეს მარტივად უნდა ხდებოდეს... კონსტიტუციაში წერია, რომ საკუთრების უფლება არის დაცული. ეს ჩემი საკუთრებაა. თუ გაქვს დადებული ხელშეკრულება, თქვენ უნდა შეასრულოთ თქვენი ვალდებულება და მე - ჩემი; თუ არ ვასრულებთ, კონტრაქტი უნდა გაწყდეს და დაუბრუნდეს პირველად მდგომარეობას ანი ქონება მის მეპატრონეს ჩაბარდეს“, - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი.

ცნობისთვის: მართალია, ბეჟან წაქაძე 2020 წლიდან „ქართული ოცნების“ სიით მაჟორიტარია, მაგრამ როგორც დეპუტატს საპოლიციო გამოსახლების წესის აღდგენისთვის საკანონმდებლო ინიციტივა არ წამოუდგენია.



უკანონოდ მყოფი პირების გამოსახლების სტატისტიკა საპოლიციო წესის გაუქმების შემდეგ - 2016-2022