მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ომის გამო “ბორჯომს” გაყიდვები შეუჩერდა და გაჩერდა, სანქციების მიზეზი ფანტაზიაა - რევაზ ვაშაკიძე

6275471345ff7
შოთა ტყეშელაშვილი
06.05.22 20:14
4302
“ჩირინას” დამფუძნებელმა რევაზ ვაშაკიძემ BMG-ის ეთერში სანქცირების მიზეზით გაჩერებული “IDS ბორჯომის” შესახებაც ისაუბრა. ბიზნესმენის განცხადებით, მთავარი მიზეზი, რის გამოც კომპანიას გაჩერება მოუხდა, უნდა იყოს გაყიდვების მკვეთრი ვარდნა, რაც მის ორ მთავარ ბაზარზე არსებულ მძიმე მდგომარეობას უკავშირდება.

რევაზ ვაშაკიძის მოსაზრებით, “ბორჯომთან” დაკავშირებით სწორი იქნება, სახელმწიფომ რუს ოლიგარქს ლიცენზია ჩამოართვას და "ახალი კომპანია შემოიყვანოს".

“სატელევიზიო ეთერებში სულ საუბარია სანქცირებულ ბიზნესმენსა და სანქცირებულ ოლიგარქზე. ეს რეალობა არაა, რეალობაა ის, რომ “ბორჯომს” ამ ომიდან გამომდინარე, გაყიდვები შეუმცირდა და მაგიტომ გაჩერდა.

ჩვენ თუ გავაანალიზებთ სად იყიდება ბორჯომი - მისი 60% იყიდება რუსეთში, 25%-28% იყიდება უკრაინაში, ეს ასეა.

კარგად იცით, რომ რუსეთში ვაჭრობის სტრუქტურა შეიცვალა, დოლარებზე ყიდვა-გაყიდვა მთელ რიგ პრობლემებთან არის დაკავშირებული, ნაწილი რუბლებზე ვაჭრობს. მეორე ნაწილია უკრაინა, სადაც საწყობებიც იყო და ინფრასტრუქტურაც; ახლა ეს არ არის.

ოფიციალური მიზეზი რაც არის, ეს არის ფანტაზიები; ჩემი აზრით, ეს კომპანია უნდა გახდეს ბანკროტი და სახელმწიფომ ეს ლიცენზია სხვას მისცეს ან გაიყიდოს.

იქ კრედიტებიც ექნება "ბორჯომს" და თუ სახელმწიფომ იყიდა ის, მაშინ კრედიტებიც უნდა გადავიხადოთ იმ ადამიანს, რომელიც სანქცირებულია; ეს ხომ წარმოუდგენელია?! ამის <კომპანია "ბორჯომის"> გადარჩენა არის მხოლოდ გაკოტრება.

ფული არ აქვთ და ვეღარ მუშაობენ, ფული კი იმიტომ არ აქვთ, რომ აღარ იყიდება. მათ ყველა ანგარიში ღია აქვთ და არავის დაუკეტია საქართველოში. რომელი ბანკირი დაკეტავდა ამას?!

მეორე მაგალითს მოგიყვანთ - "ლუკოილი"... ის ჩერდება? არ გაჩერდება. იქაც არის სანქცირებული, ვაგიტ ალეკპეროვი და გამოვიდა დირექტორთა საბჭოდან, მაგრამ კომპანია არის და ფუნქციონირებს", - განაცხადა გადაცემა “რედაქტორის” ეთერში რევაზ ვაშაკიძემ.

29 აპრილს, "ბორჯომმა" განაცხადა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის და საერთაშორისო სანქციების გამო, საქართველოში მათი ჩამომსხმელი ქარხნები გაჩერდა. 

2013 წლიდან IDS Borjomi-ის საკონტროლო 60%-იან პაკეტს რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი კერძო საინვესტიციო ჰოლდინგი “ალფა ჯგუფი” ფლობს. ამ გარიგებამდე მინერალური წყლების კომპანიის საკონტროლო პაკეტის მფლობელი პატარკაციშვილების ოჯახი იყო, რომლებმაც ეს აქტივი $460 მილიონად გაასხვისეს.

დღეს თავად “ალფა ჯგუფის” დამფუძნებელი მიხაილ ფრიდმანი სანქცირებულ ოლიგარქთა სიაშია.

ფინანსური ანგარიშის მიხედვით, IDS ბორჯომის ქართული შვილობილის მთავარი სარეალიზაციო ბაზრები სწორედ რუსეთი და უკრაინაა.

კომპანიის 2020 წლის შემოსავალი ქვეყნების მიხედვით ასე ნაწილდება:

რუსეთის ფედერაცია - $41.9 მილიონი;
უკრაინა - $18 მილიონი;
ლატვია, ესტონეთი და ლიეტუვა - $14.3 მილიონი;
ყაზახეთი - $13 მილიონი;
საქართველო - $11 მილიონი;
ბელარუსი - $6.4 მილიონი;
უზბეკეთი - $2.2 მილიონი;
აზერბაიჯანი - $1.3 მილიონი;
სხვა ქვეყნები - $11.2 მილიონი.

ინტერვიუ ბიზნესმენ რევაზ ვაშაკიძესთან: