მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ონში, საოჯახო სასტუმრო „მხატვრის სახლის“ მფლობელი ახალი სასტუმროს ამოქმედებას გეგმავს

618f8a1f11595
ვიქტორია მღებრიშვილი
13.11.21 16:16
3508
რაჭაში, ონში გასტრო-ტურისტული ობიექტის „მხატვრის სახლის“ დამფუძნებელი თემურ გუგეშაშვილი ბიზნესის გაფართოებას და ახალი ტურისტული ობიექტის ამოქმედებას გეგმავს.

2008 წელს ამოქმედებული სასტუმრო „მხატვრის სახლი“ რაჭისთვის დამახასიათებელი ავთენტური ელემენტებითა და ხასიათით დღეისთვის 8 სასტუმრო ოთახს მართავს და სტუმრებს ძირითადად უცხოელ დამსვენებელს მასპინძლობს. სასტუმროს მფლობელი თემურ გუგეშაშვილი BM.GE-სთან საუბრისას აცხადებს, რომ მისი საოჯახო სასტუმროსადმი დიდმა ინტერესმა, ახალი სასტუმროს გახსნა გადააწყვეტინა, რომელიც თავისი კონცეფციით, უკვე არსებულისგან განსხვავებული იქნება. 15-ნომრიანი სასტუმროს გახსნის ვადებსა და დეტალებზე ვერ საუბრობს, თუმცა აღნიშნავს, რომ ონში მდინარის სანაპიროზე სასტუმროს მშენებლობა უკვე დაწყებულია. სასტუმროს იდეასა და პროექტზე თავდაპირველად თემურ გუგეშაშვილი მხატვარ ცოლთან ერთად მუშაობდა, თუმცა საბოლოო სახის მიცემა სპეციალისტებს მიანდეს.

„ახალი სასტუმრო არსებულისგან განსხვავებული კონცეფციის იქნება. ნომრები თანამედროვე სტანდარტებს სრულად უპასუხებს, ხოლო აივნები ხეში ნაკვეთი ქართული ორნამენტებით იქნება მოპირკეთებული, მესამე სართული სრულად ვერანდას და საკონფერენციო სივრცეს დაეთმობა. სასტუმრო დამშვენებული იქნება დუროიანი სახლით, რომელიც რაჭისთვის იყო დამახასიათებელი და ისინი მიწისძვრამ გაანადგურა. ამ სასტუმროს აშენებით დუროიანი სახლის ანალოგს ავაშენებთ“, - ამბობს თემური გუგეშაშვილი.


სასტუმრო 500 კვადრატულ მეტრზე გაშენდება, ხოლო მიმდებარედ რეკრეაციული ზონა მოეწყობა. სასტუმროს გეგმაში რიონის კალაპოტში სეზონურად აუზების მოწყობაც არის დაგეგმილი. პროექტი სრულად პირადი ფინანსური რესურსით ხორციელდება და ის დასრულების შემდეგ 10-მდე ადამიანს დაასაქმებს.



„მხატვრის სახლის“ დამფუძნებელი ამბობს, რომ დღეისთვის რაჭაში მოქმედი მისი ტურისტული ობიექტი ყველა სეზონზე სრული დატვირთვით მუშაობს და სტუმართა დიდი რაოდენობა უცხოელებზე მოდის. „მხატვრის სახლს“ ბალტიის ქვეყნები, პოლონეთ, უკრაინა, საფრანგეთი და სხვა ევროპული ქვეყნებიდან სტუმრობენ.

„რაც რაჭაში მოსასვლელი გზა გაიხსნა, ადგილობრივი ტურისტებიც გამოჩნდნენ, რომლებიც ძირითადად შაბათ-კვირას ჩამოდიან. პანდემიის მიუხედავად სასტუმროს დატვირთვა არ შემცირებულა და სტუმრებს ყველა წესის დაცვით ვიღებდით. რაც შეეხება სამომავლო დატვირთვას, 2022 წლის ზაფხულის სეზონის 35% უცხოელი სტუმრების მიერ უკვე დაჯავშნილი გვაქვს“, - აღნიშნავს თემური გუგეშაშვილი.

აღსანიშნია, რომ საოჯახო სასტუმრო „მხატვრის სახლი“ 2008 წელს ამოქმედდა. ხეზე კვეთის ოსტატისა და მისი მხატვარი მეუღლის მიერ საკუთარი ნამუშევრებითა და გემოვნებით განახლებულმა მამა-პაპისეულმა სახლმა ტურისტების ყურადღება მალევე მიიპყრო და როგორც თავად სასტუმროს ხელმძღვანელი ამბობს, რაჭა მსოფლიომ მისი ტურისტული ობიექტის მეშვეობით გაიცნო, რადგან მას წლების განმავლობაში არაერთი ქვეყნის ელჩი და დიპლომატი სტუმრობდა.