მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოქტომბერში ქუთაისის აეროპორტი ორი კვირით დაიხურება

62d6a56854eb1
მარიამ ვარადაშვილი
19.07.22 16:49
5427

ასაფრენი-დასაფრენი ზოლის რეაბილიტაციის გამო, ოქტომბერში ქუთაისის აეროპორტი ორი კვირით დაიხურება. აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, გეგმიური ინფრასტრუქტურული პროექტი 10 ოქტომბრიდან 24 ოქტომბრის ჩათვლით განხორციელდება. სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდება ასაფრენი-დასაფრენი ზოლის საძირკვლის ნაწილს.

აეროპორტების გაერთიანების დირექტორის თამარ არჩუაძის განცხადებით, დაგეგმილია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის 2.5 კმ-იანი ასაფრენი ზოლის სრული გეგმიური რეაბილიტაცია. ის ავიაკომპანიები კი, რომლებიც ქუთაისის აეროპორტში ოპერირებენ, თავად მიიღებენ გადაწყვეტილებას რეაბილიტაციის პერიოდში საქართველოს სხვა აეროპორტებში განაგრძონ ფრენები თუ 2 კვირის განმავლობაში სრულად შეაჩერონ.

"როგორც მთელს მსოფლიოში, უსაფრთხოების მიზნით, საქართველოშიც ოპერატორი კომპანიები აეროპორტების ასაფრენი-დასაფრენი ზოლის პერმანენტულ მონიტორინგს ვახორციელებთ. ფრენების უსაფრთხოების მიზნით, მუდმივად ხდება ასაფრენი ზოლის ვარგისობის შემოწმება და მის შენარჩუნებაზე ზრუნვა. ქუთაისის აეროპორტის სააეროდრომო ნაწილის რეაბილიტაციისას სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდება ასაფრენი-დასაფრენი ზოლის საძირკვლის ცალკეულ ნაწილს, რისთვისაც საჭირო გახდება აეროპორტის დროებით დახურვა. მიმდინარე სარემონტო სამუშაოები წლიური გეგმის მიხედვით განხორციელდება, რაც აეროპორტის გამართული ოპერირების შემადგენელი ნაწილია", - აცხადებს არჩუაძე.

ქუთაისის აეროპორტის გეგმიურ სააეროდრომო რეაბილიტაციასთან დაკავშირებით აეროპორტების გაერთიანებამ 8 მლნ ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. რეაბილიტაცია სრულად კომპანიის შემოსავლებით განხორციელდება.


ფოტო: Nakanimamasakhlisi 

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები