მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოქტომბერში საქართველოს სავალუტო რეზერვები $216 მილიონი დოლარით შემცირდა

5dc42de82c8fc
შოთა ტყეშელაშვილი
07.11.19 19:10
1709
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2019 წლის ოქტომბერში საქართველოს მთლიანი სავალუტო რეზერვები $216 მილიონი დოლარით შემცირდა და ის $3.38 მილიარდ დოლარს შეადგენს. ეს 2019 წლის განმავლობაში რეზერვების მინიმალური დონეა.

სავალუტო რეზერვების ასეთი შემცირება შესაძლოა კომერციული ბანკებისთვის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნის შემსუბუქებას უკავშირდებოდეს. სებ-ის გადაწყვეტილებით, 2019 წლის 17 ოქტომბრიდან კომერციული ბანკებისთვის უცხოური ვალუტით მოზიდულ სახსრებზე მინიმალური სარეზერვო მოთხოვნა 5 პროცენტული პუნქტით, 25%-მდე შემცირდა. ეს გადაწყვეტილება ქვეყნის ეკონომიკისთვის დაკრედიტებისთვის ახალი ფინანსური რესურსის გაჩენას ისახავს მიზნად, თუმცა მის შედეგად ქვეყნის სავალუტო რეზერვების მოცულობა გარკვეულწილად შემცირდა.



რა არის სავალუტო რეზერვი?

სავალუტო რეზერვები ქვეყნის ეკონომიკის შეფასების ერთ-ერთი წამყვანი ინდიკატორია. ეს თანხა არის ის სიმდიდრე, რომელიც ეკონომიკური კრიზისების, საგარეო ან საშინაო შოკების შემთხვევაში, ქვეყნის ეკონომიკას იცავს და მისთვის ერთგვარი ბუფერის როლს ასრულებს. სავალუტო რეზერვების მოცულობა ამასთანავე ინვესტორებისთვისაც მნიშვნელოვანი ინდიკატორია - თუ მისი მოცულობა ადეკვატურია, ეს ინვესტორებისა და საერთაშორისო კრედიტორებისთვის ნათელი სიგნალია, რომ ქვეყანაში საქმიანობა შედარებით დაბალ რისკებთან არის დაკავშირებული. შესაბამისად, სავალუტო რეზერვები პირდაპირ არის დაკავშირებული ქვეყნის საკრედიტო რეიტინგსა და ინვესტორთა ნდობასთან.

მეტიც, ის მოლოდინების ჩამოყალიბებაზეც ახდენს გავლენას. თუ საფინანსო სექტორი ხედავს, რომ რეზერვების მოცულობა მცირეა ან სახელმწიფო მის ადეკვატურად გამოყენებას ვერ ახერხებს, მაშინ იმის ალბათობა, რომ თუნდაც მცირე კრიზისი გამწვავდეს და ეკონომიკურ რეცესიაში გადაიზარდოს, მაღალია.

საიდან ივსება საქართველოს სავალუტო რეზერვები?

დავუშვათ, რომ თქვენ ქართულ ბანკში ერთი წლის ვადით $1000-ის დეპოზიტი გახსენით, რომლის საპროცენტო სარგებელიც 3%-ია. დეპოზიტის გახსნის დროს, ბანკს ფულს ასესხებთ, რომელიც მან სარგებელთან ერთად უკან უნდა დაგიბრუნოთ. ამის შესასრულებლად, ბანკი თქვენ მიერ დეპოზიტის სახით შეტანილ თანხას გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემდეგ, სესხად გასცემს. დავუშვათ მას წლიურ 8%-ად აძლევს კომპანიას, რომელიც ქვეყნის რეგიონში ჰიდროელექტროსადგურს აშენებს.

კომერციულ ბანკს მთელი ამ პროცესის განმავლობაში საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულაციების დაკმაყოფილება უწევს. ამ წესებიდან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, მინიმალური სარეზერვო მოთხოვნებია. თქვენ მიერ ბანკში დეპოზიტის სახით მიტანილი $1000 დოლარიდან, $250-ის ანუ 25%-ის, ექვივალენტი თანხა ეროვნულ ბანკში, კონკრეტული კომერციული ბანკის სახელზე გახსნილ ანგარიშზე უნდა შეინახოს.

სწორედ მინიმალური სარეზერვო მოთხოვნის სახით კომერციული ბანკების მიერ ეროვნულ ბანკში განთავსებული დეპოზიტები წარმოადგენენ საქართველოს სავალუტო რეზერვების მნიშვნელოვან ნაწილს. დღეს ეს მთლიანი რეზერვების დაახლოებით, ნახევარია.

1 წლამდე ვადით მოზიდულ უცხოური ვალუტის სახსრებზე რეზერვის მოთხოვნა 25%-ია, ხოლო 1-დან 2 წლამდე ვადით მოზიდული აქტივებისთვის - 10%. სარეზერვო მოთხოვნების ცვლილებით ეროვნულ ბანკს შეუძლია გავლენა იქონიოს ბანკების მიერ დაკრედიტების მოცულობაზე და საპროცენტო განაკვეთებზე. მაგალითად, სარეზერვო მოთხოვნის ზრდა აძვირებს ბანკებისათვის რესურსის მოზიდვის ხარჯებს, რაც შესაბამისად, იწვევს გაცემულ უცხოური ვალუტის სესხებზე საპროცენტო განაკვეთების ზრდასაც.

მეორეს მხრივ, სებ-ი ვალდებულებასაც იღებს რეზერვების სახით განთავსებულ აქტივებს გარკვეული საპროცენტო სარგებელიც დაარიცხოს. დოლარზე ეს განაკვეთი FED-ის მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს მინუს 2%-ია, რაც დღეს 0.25%-ს შეადგენს.

ეს ნიშნავს, რომ საქართველოს სავალუტო რეზერვები არ არის ქვეყნის ეკონომიკისგან განცალკევებული მაჩვენებელი და ის პირდაპირ არის დამოკიდებული საბანკო სფეროს სიჯანსაღესა და იმ მოლოდინებზე, რომლებიც საფინანსო სფეროზე ახდენენ გავლენას.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წყარო, რომლითაც სავალუტო რეზერვები ივსება, არის სახელმწიფოს მიერ მოზიდული საგარეო ვალი და პირდაპირი სავალუტო ინტერვენციები. როდესაც საქართველო მაგალითად, მსოფლიო ბანკისგან იღებს $500 მილიონის საგარეო ვალს, ეს თანხა ქვეყანაში შემოსვლის დროს ეროვნული ბანკის ბალანსზე ჯდება, რის შემდეგაც სებ-ი მთავრობას შესაბამისი ღირებულების ლარს აწვდის. საქართველოს სავალუტო რეზერვების ნახევარი სწორედ უცხოეთიდან მოზიდულ საგარეო ვალს წარმოადგენს.

სავალუტო რეზერვის შევსების კიდევ ერთი წყარო საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოყოფილი SDR-ია. ეს არის ფონდის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი თანხა, რაც სესხების სპეციალურ უფლებას წარმოადგენს.

რეზერვების ხარჯვის ძირითადი მიზეზები საგარეო ვალის მომსახურება და სავალუტო ინტერვენციებია.