მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ორი კვირა „სასიამოვნო სიახლის“ მოლოდინში: რა მოიფიქრა მთავრობამ „ბორჯომის“ თემაზე?

6282490968607
ვიქტორია მღებრიშვილი
16.05.22 19:37
2719
„აი დი ეს ბორჯომი საქართველოს“ წარმოების გაჩერების მეორე დღეს, 30 აპრილს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კომპანიასთან დაკავშირებით „სასიამოვნო სიახლე“ დააანონსა. მას შემდეგ ორ კვირაზე მეტი გავიდა, თუმცა მთავრობის არცერთ წევრს აღნიშნულ საკითხზე კონკრეტული განცხადება არ გაუკეთებია.

სასიამოვნო სიახლის მოლოდინში არიან ქარხანაში დასაქმებულებიც, რომლებსაც „ბორჯომის“ მენეჯმენტის მხრიდან ხელშეკრულების პირობების ცვლილებების გამო კომპანიასთან გარკვეული უთანხმოება წარმოექმნათ. დასაქმებულები კომპანიის ხელმძღვანელ ივანე მაჭავარიანსა და ქვეყნის პრემიერ-მინისტრს შეხვედრის მოთხოვნით მიმართავდნენ.

„მე არ მინდა დეტალებზე ვისაუბრო დღეს, მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ ყველა ამ პრობლემაზე და ამ საკითხზე ვმუშაობთ, რომ მაქსიმალურად დავიცვათ ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესები“, - განაცხადა 30 აპრილს ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღეს, 16 მაისს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ "ბორჯომთან" დაკავშირებით კონკრეტული საუბრისგან თავი შეიკავა ვიცე-პრემიერმა.

BM.GE-მ ლევან დავითაშვილს ჰკითხა, როდის გახდება ცნობილი „სასიამოვნო სიახლის“ დეტალები, რაზეც მინისტრმა მხოლოდ ეს განაცხადა:

„ბორჯომთან" დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს; ამ ეტაპზე მეტ დეტალს ვერ მოგახსენებთ, უახლოეს დროში ჩვენ დავასრულებთ პროცესს და საზოგადოებისთვის ცნობილი იქნება“.