მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოთარ შამუგიას განცხადებით, მიმდინარე წელს ქვეყანას ხორბლის უხვი მოსავალი აქვს

62d905cbb1318
ვიქტორია მღებრიშვილი
21.07.22 12:00
787
სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში გასულ წელს ხორბლის წარმოება 33%-ით გაიზარდა და მიმდინარე წელსაც მოსავალი უხვია. ამის შესახებ ოთარ შამუგიამ ხორბლის და ქერის მოსავლის აღების პროცესის გაცნობისას განაცხადა.

„იმისათვის, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ მოსავლის ქვეყანაში დარჩენას და ადგილობრივი ბაზრის მომარაგებას, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და შევზღუდეთ ხორბლის და ქერის ექსპორტი. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ქვეყანაში ხორბლის მოსავლიანობის გასაზრდელად განსახორციელებელია კომპლექსური ღონისძიებები, რაზეც აქტიურად ვმუშაობთ, ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად. აშშ-ში ვიზიტის დროს, აღნიშნული საკითხი განვიხილეთ არაერთ მნიშვნელოვან შეხვედრაზე, რათა მივიღოთ მათი მხარდაჭერა თესლის წარმოების, ახალი ტექნოლოგიების დანერგვის, ტექნიკით უზრუნველყოფის მიმართულებებით, შესაბამისად, გავზარდოთ თვითუზრუნველყოფა და ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებულები იმპორტზე”, - აღნიშნა ოთარ შამუგიამ.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ქვეყნის მასშტაბით, მარცვლოვანი კულტურების მოსავლის აღება აგროვადებისდაცვით, შეუფერხებლად მიმდინარეობს. მობილიზებულია შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიის“ 78 ერთეული კომბაინი.

„კახეთის რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს და მალე დასრულდება ხორბლის და ქერის მოსავლის აღებისა და დაბინავების პროცესი, რის შემდეგაც კომბაინები შიდა ქართლის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში გადაინაცვლებს. მოსავლის აღების პროცესში ჩართულია სახელმწიფო კომპანიის 80-მდე კომბაინი; ასევე, კერძო სექტორის ტექნიკა. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი მხარდაჭერით, სახელმწიფო თანადაფინანსების პროგრამით 30-ზე მეტი ახალი კომბაინი იქნა კერძო სექტორის მიერ შეძენილი, რომელიც ასევე ჩართულია მოსავლის აღების პროცესში, თუმცა ეს რაოდენობა საკმარისი არ არის. ჩვენ მომავალ წლებშიც გავაგრძელებთ თანადაფინანსებას და ქვეყნის მასშტაბით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკის რაოდენობას გავზრდით, რაც ფერმერებს შესაძლებლობას მისცემს, შეუფერხებლად, აგროვადებში შეძლონ მოსავლის აღება”, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

მოსავლის აღების პროცესში ჩართულია სოფლის განვითარების სააგენტოს „მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, თანადაფინანსებით შეძენილი 32 კომბაინიც. აღნიშნული კომბაინების შესაძენად სააგენტოს თანადაფინანსება 3 მლნ ლარს აღემატება.