საქართველოს მთავრობა მილიონობით ლარს რთველის სუბსიდირებისთვის წელსაც დახარჯავს. "მოსავლის მართვის კომპანიის" მიერ ბაზარზე დარჩენილი ჭარბი ყურძნის შესყიდვის, გადამუშავებისა და შენახვისთვის წელს 60 მილიონი ლარის გამარტივებული შესყიდვა გამოცხადდა, თუმცა ჯამში რა დაუჯდება ბიუჯეტს წლევანდელი რთველი, ეს თვის ბოლოს გამოჩნდება, როცა კომპანიები სოფლის მეურნეობის სამინისტროს კომპანიები სუბსიდირების მიღებაზე განაცხადებით მიმართავენ.
წელს სუბსიდიის მოცულობა შემცირდა, თუმცა მთლიანად პროგრამაზე მთავრობა ჯერ უარს ვერ ამბობს.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ხელი შევუწყოთ მევენახეებს, მეღვინეებს და ამისთვის სახელმწიფო აკეთებს ყველაფერს და სწორედ ამის შედეგია, რომ ყოველწლიურად მზარდია ღვინის ექსპორტი. შარშან რეკორდული რაოდენობის ღვინის ექსპორტი განვახორციელეთ, 103 მილიონი ლიტრი, წელს 9 თვის მონაცემებით, ვინარჩუნებთ ზრდის საკმაოდ კარგ დინამიკას. ეს არის საწინდარი იმის, რომ გაიზარდოს მოთხოვნა ღვინოზე და შესაბამისად შემდგომში უკვე ბაზარმა თვითონ დაარეგულიროს ეს საკითხი და სახელმწიფოს აღარ მოუწიოს მსგავსი სუბსიდიის სახით ჩარევა.
წელს იცით, რომ სუბსიდიის მოცულობა შემცირდა, შარშან იყო 35 თეთრი, რქაწითელზე და კახურ მწვანეზე წელს 20 თეთრის ფარგლებში განხორციელდა სუბსიდირება“, - განუცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ bmg-ს.
თავად ღვინის სექტორი დიდი ხანია ამბობს, რომ დროა სახელმწიფო სუბსიდირებიდან გამოვიდეს, თუმცა ასოციაცია „ქართული ღვინის“ აღმასრულებელი ხელმძღვანელი თინა კეზელი ამბობს, რომ ესეც შეთანხმებული უნდა იყოს დარგთან, რომ მათ ბიზნესპროცესების გრძელვადიანი დაგეგმვა შეძლონ.
„სუბსიდირება რასაკვირველია არის ის, რაზეც ნელ-ნელა უარი უნდა ითქვას. როგორ მოხდება, ეს აუცილებლად შეთანხმებული უნდა იქნეს დარგთან, როგორ ხედავს თვითონ დარგი განვითარების პერსპექტივას. დარგი კრებითი სახელია, ყველა ერთ აზრზე ვერ იქნება, მაგრამ ჩემი აზრით, რაც მაინც ყოველთვის გვაკლია, არის რაღაც საკითხების ძალიან საფუძვლიანი განხილვა. ჩემი აზრით, გრძელვადიანი გეგმა, ეს არის, რაშიც მოვიკოჭლებთ, ოღონდ ყველა დარგში“, - აცხადებს თინა კეზელი.
ბოლო წლების განმავლობაში სახელმწიფომ რთველის სუბსიდირებაზე რეკორდული თანხა 138 მილიონ ლარამდე 2021 წელს დახარჯა. გასულ წელს ბაზარზე ჭარბი ყურძნის შესყიდვას კი გამოყოფილი 150 მილიონიდან მხოლოდ 100 მილიონამდე ლარი მოხმარდა. წელს ყურძნის მიღება-გადამუშავებისთვის აუცილებელი ღონისძიებების ჩატარების მიზნით, ₾60 მილიონი უტენდეროდ, გამარტივებული შესყიდვის წესით უნდა გამოიყოს, თუმცა საჭირო გახდება თუ არა დამატებითი სახსრების მობილიზება ეს თვის ბოლოს გაირკვევა, როცა სოფლის მეურნეობის სამინისტროს კომპანიები სუბსიდირების მიღებაზე განაცხადებით მიმართავენ.