მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„პანდემიამ დიდი სარგებელი დაგვიტოვა“ - WiFisher-მა ახალი პროდუქტი დაამატა

5f9948eb2c704
ვიქტორია მღებრიშვილი
29.10.20 09:00
1963
ტექნოლოგიური სერვისებისა და მოწყობილობების მწარმოებელმა კომპანია WiFisher-მა საგანგებო მდგომარეობის დროს ახალ პროდუქტზე - SMS მარკეტინგზე დაიწყო მუშაობა.

კომპანიას მანამდე ერთი სერვისი - WiFi რეკლამა და მონაცემთა ანალიზის მთვლელი მოწყობილობა ჰქონდა შექმნილი, რომელიც ქართულ ბაზარზე ფართოდ გამოიყენებოდა.

როგორც WiFisher-ის თანადამფუძნებელი და დირექტორი ნოდარ ივანიძე BM.GE-სთან საუბრისას აცხადებს, საგანგებო მდგომარეობის დროს შემცირებულმა გაყიდვებმა და ფაქტობრივად სრულმა გაჩერებამ გუნდი აიძულა ახალ პროდუქტზე ეფიქრა და შეექმნა.

„ეს იქნება „SMS კამპანია“ სხვადასხვა დამკვეთი კომპანიისთვის, რომელიც მათ მომხამრებელზე იქნება მიმართული. გვაქვს შიდა ტექნოლოგიები, რომლებიც გვაძლევს საშუალებას, გავიგოთ ვინ რა ტიპის სარეკლამო მომსახურებაზე რეაგირებს, შემდეგ ვნიშნავთ სხვადასხვა ინტერესის სფეროებს და ვუგზავნით მხოლოდ მათთვის მორგებულ შეთავაზებებს. ხშირად ხდება ისე, რომ ახალგაზრდებს მისდით პენსიონერებისთვის განკუთვნილი შეთავაზებები, ჩვენ შემთხვევაში ეს გამორიცხულია.

ამ სფეროში გააქტიურება იმიტომ გადავწყვიტეთ, რომ მომხმარებელმა ჩვენგან მიიღოს კომპლექსური სერვისი, რომელიც მოიცავს არამხოლოდ WiFi-რეკლამას, არამედ სხვა სერვისებსაც და ამით გავხდით კომპანია, რომელიც ოფლაინ ბიზნესებს ეხმარება გაიგონ მეტი მათი მომახმარებლების შესახებ, გააკეთონ ფიქსირებული შეთავაზებები და ეს შეთავაზებები გააციფრულონ“, - განაცხადა ნოდარ ივანიძემ.

მისი ინფორმაციით, პროგრამა 2 თვის წინ გაეშვა და ლოკალურ ბაზარზე უკვე 18-მდე კომპანია დააკონტრაქტა.

„პანდემიამ მოგვცა იმის საშუალება, რომ არ ვყოფილიყავით კონცენტრირებული მხოლოდ ერთ პროექტზე. მიგვახვედრა, რომ ფიზიკურ ბიზნესებთან მუშაობის ძალიან დიდი გამოცდილება გვაქვს და შეგვეძლო რამდენიმე სერვისის გაერთიანება. შესაბამისად, ახლა კომპანიებს კომპლექსურ სერვისს ვთავაზობთ. პანდემიამ ძალიან დიდი სარგებელი დაგვიტოვა ამ მხრივ“, - აღნიშნა ნოდარ ივანიძემ.

WiFisher-ის თანადამფუძნებლისა და დირექტორის თქმით, კომპანიის მიერ პანდემიამდე შექმნილი პროდუქტები საქართველოში დიდი პოპულარობით სარგებლობს და ლოკალურ ბაზარზე WiFi რეკლამების მოწყობილობები 300-მდე ობიექტზე - აეროპორტებში, მოლებში, ტურისტულ ადგილებშია დამონტაჟებული, ხოლო ხარისხობრივი ანალიზის, ანუ მთვლელების მოწყობილობები 200-ზე მეტ ბრენდულ მაღაზიასა თუ მოლშია, რასაც მათი ბოლო პროდუქტი - SMS რეკლამაც დაემატება.