მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Metaviu - როგორ მუშაობს ქართველების შექმნილი სერვისი, რომელიც საერთაშორისო ბრენდების რეკლამებს მეტავერსებში ათავსებს

63d3ed88be095
თინათინ ნატმელაძე
30.01.23 20:00
874
WiFisher 2015 წელს ამოქმედებული სტარტაპია, რომელიც პირველ ეტაპზე ქართულ კომპანიებს WiFi რეკლამების განთავსებაში ეხმარებოდა. პანდემიის პერიოდში, კომპანიების ფუნქციონირების შეწყვეტის შემდეგ დამფუძნებლებს ახალ რეალობაზე მორგება მოუხდათ. WiFisher-ის დამფუძნებელი ნოდარ ივანიძე BM.GE-თან აცხადებს, რომ აღნიშნული გამოწვევების გამო SMS რეკლამების სერვისი აამოქმედეს, რომელმაც წარმატებით იმუშავა.

სულ ცოტა ხნის წინ კი კომპანიამ ახალ მიმართულებაზე მუშაობა დაიწყო და Metaviu-ს ბრენდით სერვისიც შექმნა.

„WiFisher-ს ამ ეტაპზე ორი მიმართულება აქვს - WiFi რეკლამები და SMS რეკლამები, ქართულ ბაზარზე თითქმის ყველა წამყვანი კომპანია ჩვენთან თანამშრომლობს და თვეში 70 მილიონ SMS-ს ვაგზავნით, ეს გადაწყვეტილება პანდემიის დროს ყველა ლოკაციის დახურვამ მიგვაღებინა. ვფიქრობ, კომპანიის წარმატება მაშინ მიიღწევა, როდესაც პატარ-პატარა დაბრკოლებებს წარმატებისთვის გამოიყენებ და სიახლეების დანერგვის არ შეგეშინდება.

მას შემდეგ, რაც Facebook-მა რებრენდინგი გადაწყვიტა და საზოგადოებას Meta-ს სახელით წარუდგა მსოფლიოში ყველა იმაზე ალაპარაკდა, რომ ვირტუალური რეალობები ძალიან აქტუალური გახდებოდა, ჩვენც ამ სფეროში გადავწყვიტეთ ინვესტირება და Metaviu შევქმენით. ეს არის საერთაშორისო პროდუქტი, რომელთანაც 50-მდე სარეკლამო კომპანია თანამშრომლობს, რომლებიც საერთაშორისო ბრენდების რეკლამირებას გვიკვეთავენ და ასევე მსოფლიოს წამყვანი მეტავერსები: Decentraland, The Sandbox Game, Somnium Space ჩვენ მოგვმართავენ, როდესაც კონკრეტულ ბრენდს ვირტუალურ სივრცეში რეკლამის განთავსება უნდა. ასევე, ჩვენ მოგვმართავენ როდესაც მეტავერსებში არსებულ ადამიანებს მონეტიზაცია უნდათ.

ეს სფერო ახლა იდგამს ფეხს. მსოფლიოში სულ შვიდი კომპანიაა, რომელიც ამ სერვისს აკეთებს და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვქმნით ისეთ პროდუქტს, რომელიც დღევანდელი რეალობისთვისაც ინოვაციურია. პირველად ვართ ისეთ სიტუაციაში, რომ იმის გამო, რომ ქართველები ვართ, საერთაშორისო კონფერენციებზე თავს ჩამორჩენილად არ ვგრძნობთ, პირიქით, ამერიკელებზე და ბრიტანელებზე წინაც კი ვართ. ქართულ ბაზარზე არ ვპოზიციონირებთ, თუმცა, საახალწლოდ ერთ-ერთმა ქართულმა სარეკლამო კომპანიამ ქართული "კოკა-კოლის" რეკლამა დაგვიკვეთა, რომელიც მეტავერსში განვათავსეთ და საკმაოდ წარმატებული პროექტიც აღმოჩნდა,“- გვიყვება ნოდარ ივანიძე.

ამჟამად Metaviu-ს ფუნქციონირებაში 15 ადამიანია ჩართული, მათ შორის არიან ქართველები, ბრიტანებელი და ამერიკელები. 2015 წელს სტარტაპი დამფუძნებლების პირადი ინვესტირებით ამოქმედდა, თანხა 40 000 დოლარს შეადგენდა, მალევე ამერიკიდან 0.5 მილიონი დოლარის ინვესტიციაც მოიზიდეს და შემდეგ განვითარებაში უკვე ბიზნესიდან მიღებულ მოგებას დებდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები