მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვირტუალური ეპოქის დასაწყისი: APPLE-მა VISION PRO წარადგინა

647f2239cec5b
გიორგი თოლორდავა
06.06.23 22:30
2659
ტექნოლოგიური სამყარო ჭეშმარიტი რევოლუციის წინაშეა, პლანეტის ყველაზე ძვირად ღირებულმა კომპანიამ სტაგნაციის ეპოქის დასრულების და უაღრესად თამამი ნაბიჯის გადადგმის გადაწყვეტილება მიიღო.

კომპანია Apple-მა მსოფლიოს ახალი ინოვაციური პროდუქტი, Vision Pro წარუდგინა, რომელიც ნამდვილად არ არის უბრალოდ მორიგი ძვირად ღირებული სათამაშო. ამ შერეული რეალობის სათვალის მიზანი კაცობრიობის ახალ ეტაპზე გადაყვანაა, Apple-ი კი სწორედ ის კომპანიაა, რომელსაც ამ ამბიციური გეგმის განხორციელების ძალა შესწევს.

VR, AR და XR ტექნოლოგია განვითარების ის მორიგი ეტაპია, რომელიც სმარტფონებს და კომპიუტერებს ისევე მარტივად ჩაანაცვლებს, როგორც ერთ დროს თავად ამ ნივთებმა საბეჭდი მანქანები, კალკულატორები და სხვა მრავალი არქაული მოწყობილობა ჩაანაცვლეს.

Apple-ის მორიგი ინოვაცია პორტაბელური XR ჩაფხუტია, რომელიც მეტავერსს რეალობად აქცევს. ამ მოწყობილობის საშუალებით შეგიძლიათ დაინახოთ როგორც თქვენ წინაშე არსებული ფიზიკური სამყარო, ასევე თავად შექმნათ ის წარმოსახვითი სივრცე, რომელშიც გსურთ მუშაობა, გართობა თუ დასვენება.

Vision Pro-ს გამოშვებით Apple-მა ახალი, სივრცითი ეპოქა დაიწყო, რომელშიც ყველაფერი სამგანზომილებიანია, რეალურ და ვირტუალურ სამყაროებს შორის კი საზღვრები სრულად წაშლილია.

ალბათ, გახსოვთ, რომ პირველი ვირტუალური სამყაროს შექმნის პირობას მარკ ცუკერბერგი დებდა, რომელმაც კომპანია Facebook-ს სახელიც შეუცვალა და Meta დაარქვა, თუმცა ფაქტია, რომ ცუკერბერგის დაპირებას აღსრულება არ ეღირსა, XR-რევოლუციისაკენ რბოლაში კი, დაგვიანებული სტარტის მიუხედავად, სწორედ Apple-მა მოიპოვა უპირატესობა.

დაგვიანებულ სტარტთან დაკავშირებით უნდა ვახსენოთ, რომ ეს Apple-ის კლასიკური ხელწერაა. ამერიკული გიგანტი არასოდეს არის პირველი, ეს მისი დანიშნულება არ არის. ინოვაციურობის ტვირთი Apple-ის კონკურენტების საზიდია, Apple-ის მიზანი კი დროში გამოცდილი ტექნოლოგიების დახმარებით ყველაზე დახვეწილი და სრულყოფილი პროდუქტების შექმნაა.

XR სათვალეც გამონაკლისი არ ყოფილა. Apple-მა ამ ტექნოლოგიას გასავითარებლად თითქმის ათი წელი მისცა. შეგახსენებთ, რომ Oculus-მა პირველი VR სათვალე, Rift-ი 2012 წელს გამოუშვა. მთელი ათი წლის განმავლობაში კი Oculus-ის გუნდი ამ ტექნოლოგიის დახვეწას ცდილობდა, რაც მათ ნამდვილად შეძლეს, თუმცა არა, რა თქმა უნდა, Apple-ის დონეზე.

ახლა კი ისევ Vision Pro-ს რომ დავუბრუნდეთ, თუ რატომ არის ის ასეთი გამორჩეული? - პირველ რიგში, Apple-ის XR სათვალე აღჭურვილია ორი დამოუკიდებელი პროცესორით, R1-ითა და M2-ით, ეს უკანასკნელი კი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი კომპიუტერული პროცესორია. ტექნიკურ მახასიათებლებს თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ Vision Pro რეალურად პორტაბელური Mac-ია.

სათვალე აღჭურვილია 4K გაფართოების მქონე ეკრანით, რომელსაც 21 მილიონი პიქსელი აქვს, ანუ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ Vision Pro აღჭურვილია მსოფლიოში ყველაზე დახვეწილი და მაღალი რეზოლუციის მქონე ეკრანით. იმ მომხმარებლებისთვის, რომელთაც ოპტიკური სათვალეები სჭირდებათ, Apple-მა Zeiss-თან ითანამშრომლა და სპეციალური ლინზებიც კი შექმნა.

Vision Pro შეიარაღებულია 12 კამერითა და ათამდე სენსორით. სათვალეს შეუძლია 3D ფოტო და ვიდეოს გადაღება, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ინოვაციური პროდუქტი ფოტოკამერებსაც და iPhone-საც მარტივად ანაცვლებს.

როგორც Apple-ის ყველა ინოვაციურ პროდუქტს, Vision Pro-საც აქვს რაღაც მაგიური და ჯადოსნური, ეს კი მისი მართვის პანელია. ვირტუალური ინტერფეისი სრულად იმართება თვალებით, ხელებითა და ხმით, ყოველგვარი დამატებითი ღილაკების, ჯოისტიკებისა და მაუსების გარეშე. Vision Pro ზუსტად იმ მოქმედებას შეასრულებს, რაზეც თქვენი მზერა მიუთითებს, ეს კი Apple-ის მორიგი ინოვაციაა. ტექნიკის თვალებით მართვამ, როგორც იქნა, სამეცნიერო ფანტასტიკიდან რეალობაში გადმოინაცვლა.

რაც შეეხება Vision Pro-ს პრაქტიკულ შესაძლებლობებს, Apple-ის XR სათვალის საშუალებით შეგიძლიათ: თქვენ წინაშე არსებული სივრცე აქციოთ გიგანტურ დესკტოპად, სადაც იმდენ ფანჯარას გახსნით, რამდენიც მოგესურვებათ. მუშაობის პროცესში შეგიძლიათ მაუსი, კლავიატურა, iPhone-ი ან საკუთარი Mac-იც გამოიყენოთ. Vision Pro-ს საშუალებით შეგიძლიათ დაესწროთ მეტავერსული ტიპის შეხვედრებსა და ივენთებსაც.

Vision Pro-თი შეგიძლიათ ითამაშოთ VR-ადაპტირებული თამაშები, ანუ, მაგალითად, სარბოლო სიმულატორის საშუალებით პირდაპირ ავტომობილში აღმოჩნდეთ. ან დაუვიწყარ კოსმოსურ მოგზაურობაში ამოყოთ თავი. ამ შემთხვევაში ლიმიტი მხოლოდ ვიდეო თამაშების დეველოპერების ფანტაზიაა.

ყველაზე შთამბეჭდავი კი, რა თქმა უნდა, ფილმებია. Vision Pro-ს საშუალებით თქვენ ფილმების ნახვას ყველაზე მაღალი რეზოლუციის ეკრანზე შეძლებთ, თანაც განუზომელი მასშტაბებით. ბუნებრივია, ვირტუალური კინოთეატრის დიზაინს და თქვენ წინაშე არსებული გამოსახულების ზომასაც თავად ირჩევთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ფილმების ნახვა არა უბრალოდ დიდ, არამედ კოლოსალური ზომის ეკრანზე შეგეძლებათ. მარტივად რომ ვთქვათ, Vision Pro-ს გამოშვებით Apple-მა ტელევიზორებსა და კინოთეატრებს უბრალოდ აზრი დაუკარგა.

რაც შეეხება ფასს, Vision Pro-ს ღირებულება 3,499 დოლარი იქნება, რაც საკმაოდ ძვირად შეიძლება მოგეჩვენოთ, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ამ პროდუქტის შეძენით თქვენ ერთდროულად Apple-ის კომპიუტერს, ტელევიზორს, გეიმინგ კონსოლსა და ფოტოაპარატს იღებთ, ის დაუჯერებლად იაფადაც კი შეიძლება ჩაითვალოს. Vision Pro-ს შეძენა 2024 წლიდან იქნება შესაძლებელი, მანამდე კი დეველოპერებსა და კომპანიებს ახალი პლატფორმისათვის XR თამაშებისა და აპლიკაციების შექმნის საშუალება ექნებათ.

აღსანიშნავია, რომ Vision Pro-ს პრეზენტაციის ფონზე, Apple-ის საბაზრო კაპიტალიზაციამ 2 ტრილიონ 824 მილიარდ დოლარს მიაღწია.

ზოგადად, ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში არის ერთი ასეთი გამოთქმა: "ეს აიფონური მომენტია", რაც, რა თქმა უნდა, სტივ ჯობსის მიერ 2007 წელს პირველი iPhone-ის წარდგენას უკავშირდება. ეს ფრაზა კი იმაზე მიუთითებს, რომ მსოფლიოში რაღაც გარდამტეხი, ეპოქალური მნიშვნელობის ხდება. Apple-ის მიერ Vision Pro-ს წარდგენა კაცობრიობის ისტორიაში სწორედ ასეთი "აიფონური" მომენტია - მსოფლიო აღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც ის აქამდე იყო.

საბოლოოდ კი, დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ Apple Vision Pro არის ის ღირსეული პროდუქტი, რომლითაც სიტივ ჯობსი იამაყებდა.



"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები