მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარლამენტმა საგანგებო მდგომარეობის გარეშე შეზღუდვებისთვის კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო

5ec7ba6f7f705
ინგა მურუსიძე
22.05.20 16:04
1075
პარლამენტმა 79 ხმით 0-ის წინააღმდეგ "საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით მიიღო.

ცვლილება შევიდა "საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" საქართველოს კანონში, რომელიც კანონის იმ ნორმების დახვეწას ითვალისწინებს, რომლებიც საკარანტინო ღონისძიებების ეფექტიანად და სწორად გატარებასთან და პანდემიისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიში ეპიდემიის მართვასთან არის დაკავშირებული.

კერძოდ, საკარანტინო ღონისძიებები განისაზღვრება ახლებურად და გულისხმობს ისეთ ღონისძიებებსაც, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან.
ინიციატორის შეფასებით, კანონპროექტის მიღებით, ქვეყნის შესაბამის უწყებებს შესაძლებლობა ექნებათ, რომ საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგაც გააგრძელონ ეფექტიანი ბრძოლა კორონავირუსით (COVID-19-ით) გამოწვეული ეპიდემიის/პანდემიის წინააღმდეგ და კვლავ გაატარონ ყველა ის აუცილებელი ორგანიზაციული, სამართლებრივი და სხვა სახის ღონისძიება, რომელიც შექმნილი ვითარების გამკლავებისკენ იქნება მიმართული.

კანონპროექტით დაზუსტდა ტერმინების „იზოლაცია“ და „საკარანტინო ღონისძიებები“ განმარტებები. აგრეთვე, დაზუსტდა, რომ იზოლაციის ან/და კარანტინის წესით შეიძლება განისაზღვროს სხვადასხვა საკარანტინო ღონისძიებებიც, რომლებიც ამ შემთხვევაში ამ წესის შემადგენელი ნაწილია.

როგორც კანონპროექტზე მომხსენებლმა, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ, სხდომაზე განაცხადა, მთავრობის უფლებამოსილება ფართოვდება იმ ვადით, რაც გულისხმობს პანდემიის და საშიში ინფექციის გავრცელების რეჟიმს.

კანონპროექტის ავტორის, დიმიტრი ხუნდაძის თქმით, პროექტში სრულად არის გათვალისწინებული სახალხო დამცველის თითქმის ყველა რეკომენდაცია.

კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: დიმიტრი ხუნდაძე, ილია ნაკაშიძე, ვლადიმერ კახაძე, ზურაბ ხაჩიძე, კობა ნაკაიძე, დიმიტრი მხეიძე.

ცვლილებები გარდამავალ დებულებაში აისახება და მოქმედების ვადა 15 ივლისამდე განისაზღვრა.