"რუსული კანონი" ქართული საგანმანათლებლო დაწესებულებების ნაწილში უკვე გააპროტესტეს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი პოზიციას არ აფიქსირებენ. სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი ირაკლი გაბისონია BMG-სთან აცხადებს, რომ ევროპელებისა და ამერიკელების პოზიცია გასათვალისწინებელია.
"ევროპელები თუ მიიჩნევენ ასე [რომ კანონი რუსულია], საფუძველი ექნებათ. თითოეული ევროპელის, ამერიკელის გამონათქვამს ყურადღება უნდა მივაქციოთ და გავითვალისწინოთ. ევროპელებისა და ამერიკელების პოზიცია ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ისინი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები არიან. ჩვენი ორიენტაცია მხოლოდ ევროპისკენაა, ეს ჩვენი ცხოვრების წესია", - განაცხადა ირაკლი გაბისონიამ.
დეკანი ამბობს, რომ ქვეყანამ უარი უნდა თქვას ყველანაირ რუსულზე, რაც ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ხელს შეგვიშლის.
"ვიტყვი ასეთ რამეს, არ მგონია, საქართველოში იყოს პიროვნება, ვისაც რუსეთი უნდა. როგორც მოქალაქე, პროფესორი, დეკანი ვაფიქსირებ, საქართველოს ორიენტაცია უნდა იყოს პროევროპული. ჩვენ უნდა გავხდეთ ევროკავშირის წევრი. ეს არის ჩვენი მიზანი, რადგან ჩვენი განვითარება, საქართველოს მომავალი სხვანაირად არ არსებობს, ეს გამორიცხულია. კონსტიტუციაში გვიწერია, რომ ჩვენი მიზანია. ყველაფერი, რაც ამ მიზანთან გვაშორებს, არ უნდა არსებობდეს. ევროპაზე უარს ვინც იტყვის, მსუბუქად უნდა ვთქვა, არასწორ პოზიციაზეა", - აღნიშნა ირაკლი გაბისონიამ.