მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გრიგოლ ვაშაძემ მანდატის დატოვება დააანონსა, თუმცა უწყებისთვის ჯერ არ მიუმართავს - როგორია პროცედურა?

ვაშაძე

ნაციონალური მოძრაობის ყოფილმა თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ სადეპუტატო მანდატის დატოვება დააანონსა, თუმცა ოფიციალურად უწყებისთვის ჯერ არ მიუმართავს, ამის შესახებ bm.ge-ის პარლამენტში განუცხადეს.

„რუსული კანონის“ პირველი მოსმენით მიღების შემდეგ პარლამენტის უფრაქციო წევრმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს რიგებს ტოვებს. მან განცხადებაში გადაწყვეტილების მიზეზად „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი დაასახელა.

„კანონპროექტის, რომელსაც დასახასიათებლად რა გეოგრაფიული დეფინიციაც არ უნდა მოუნახო რუსეთიდან ზიმბაბვემდე, არსებობას და მით უმეტეს მიღებას, არც სამართლებრივი, არც პოლიტიკური, არც მორალური და არც პრაგმატული გამართლება აქვს. ეს კანონპროექტი თუ კანონად გადაიქცევა, საბოლოოდ ავტორიტარული რეჟიმის დასამყარებლად იქნება გამოყენებული. დღეს რომ შეწყდეს ამ კანონპროექტის განხილვა, უდიდესი ზიანი ჩვენს ევროპულ პერსპექტივას უკვე მიადგა“, - აღნიშნულია ვაშაძის განცხადებაში.

ვაშაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს პარლამენტის წევრობას მისთვის აზრი არ აქვს.

გრიგოლ ვაშაძე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობის" მეორე ნომერი იყო, ბუბა კიკაბიძის შემდეგ. ამასთან, თავმჯდომარის თანამდებობას 2017 წლიდან იკავებდა და პოსტი, 2020 წლის 15 დეკემბერს დატოვა. მაშინ, განხეთქილების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი პარლამენტისთვის ბოიკოტის გამოცხადების საკითხი იყო. პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა ამის შემდეგ ნიკა მელიამ დაიკავა, რომელმაც დანარჩენი ოპოზიციის დიდი უმრავლესობის მსგავსად, საპარლამენტო სია "ჩახსნა". სია გაუქმებულია, ამიტომ, ახლა გრიგოლ ვაშაძეს პარლამენტში ვერავინ ჩაანაცვლებს.

პარლამენტში, ამ ეტაპზე გრიგოლ ვაშაძის ჩათვლით 56 ოპოზიციონერი დეპუტატია.

პარლამენტის საპროცედურო და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა bm.ge-ის უთხრა, რომ უფლებამოსილების შეჩერების პროცედურა დეპუტატის მიმართვიდან 1 კვირაში დაიწყება და პროცედურის დაწყების შემდეგ, უახლოეს პლენარულ სხდომაზე დასრულდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები