მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გრიგოლ ვაშაძე პარლამენტს ტოვებს - “ვიტოვებ იმედს, რომ ხელისუფლება უარს იტყვის ამ კანონპროექტის მიღებაზე”

გრიგოლ ვაშაძე

დამოუკიდებელი დეპუტატის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, იგი პარლამენტს ტოვებს. დეპუტატის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება მან "რუსული კანონის" ინიციირების გამო მიიღო, რადგან ამ პირობებში პარლამენტში ყოფნას “პოლიტიკური აზრი და მორალური გამართლება” არ გააჩნია.

“ბევრ დროს არ წაგართმევთ. კანონპროექტის, რომელსაც დასახასიათებლად რა გეოგრაფიული დეფინიციაც არ უნდა მოუნახო რუსეთიდან ზიმბაბვემდე, არსებობას და მით უმეტეს მიღებას, არც სამართლებრივი, არც პოლიტიკური, არც მორალური და არც პრაგმატული გამართლება აქვს.

ეს კანონპროექტი თუ კანონად გადაიქცევა, საბოლოოდ ავტორიტარული რეჟიმის დასამყარებლად იქნება გამოყენებული. დღეს რომ შეწყდეს ამ კანონპროექტის განხილვა, უდიდესი ზიანი ჩვენს ევროპულ პერსპექტივას უკვე მიადგა. ასეა: როდესაც საკუთარი ანატომიის არასწორი ნაწილით ფიქრობ, შედეგად იღებ სოციალურ დაძაბულობას, დაპირისპირებას მოქალაქესთან, მოკავშირეებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან.

ამ პირობებში პარლამენტში ყოფნას ჩემთვის არც პოლიტიკური აზრი და არც მორალური გამართლება გააჩნია. ვტოვებ პარლამენტს! ქართული საზოგადოების აზრს ჩემთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ვიტოვებ იმედს, რომ ხელისუფლება უარს იტყვის ამ კანონპროექტის მიღებაზე”,- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

საქართველოს პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით 83 ხმით ნულის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა. კენჭისყრამდე პაპუაშვილმა ოპოზიცია დარბაზიდან გააძევა.

„ქართული ოცნების“ კანონპროექტით უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის სტატუსი ენიჭება ნებისმიერ საზოგადოებრივ ორგანიზაციას თუ მედიას, რომელიც დონორული ორგანიზაციებისგან, საერთაშორისო ფონდებისგან თუ უცხოური ასოციაციებისგან დაფინანსების 20%-ზე მეტს იღებს. ამ ორგანიზაციებს უცხოური ინტერესების გამტარებელთა რეესტრში რეგისტრაცია და ფინანსური დოკუმენტაციების ამ რეესტრში ატვირთვა მოუწევთ, თუმცა მნიშვნელოვანია გარემოება, რომ საგადასახადო მიზნებისთვის სახელმწიფო ნებისმიერი კომპანიის თუ არასამთავრობო ორგანიზაციის შემოსავლების და ხარჯების შესახებ ინფორმაციას ისედაც ხედავს, ხოლო ახალი რეესტრის შექმნა და ამ რეესტრისთვის "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად" რეგისტრაცია ორგანიზაციებისა და მედიის სტიგმატიზებას ისახავს მიზნად.

წყარო: ipn

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები