მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

PCR-კვლევის ყალბი დოკუმენტების გამოყენების საფრთხეები - რა ნაბიჯები უნდა გადადგას სახელმწიფომ?

61783bf517ea4
მარიამ ადამია
26.10.21 23:17
814
საქართველოში ყალბი კოვიდ-პასპორტებისა და ნეგატიური PCR-ტესტების პასუხების დამზადებისთვის ცხრა პირი პასუხისგებაში მიეცა. საგამოძიებო სამსახური ყალბი კოვიდ-პასპორტებისა და კორონავირუსის ლაბორატორიული კვლევის უარყოფითი შედეგების ამსახველი ყალბი დოკუმენტების დამამზადებელ და გამომყენებელ პირთა გამოვლენა-მხილების ღონისძიებებს აგრძელებს.

PCR-კვლევის ყალბი დოკუმენტების გამოყენების საფრთხეებზე სამედიცინო ცენტრის “ლაბუნოს” ხელმძღვანელი, გიორგი კავკასიძე BMG-ს ესაუბრა. მისი თქმით, მსგავსი შემთხვევები არა მხოლოდ კანონსაწინააღმდეგო ქმედება და დანაშაულია, არამედ ის მოსახლეობას უქმნის საფრთხეს, ვინაიდან ინფიცირებულმა ადამიანმა, რომელიც ყალბი დოკუმენტით იქნება, შეიძლება უამრავი სხვა ადამიანი დააავადოს, რაც ზოგიერთისთვის ფატალურადაც შეიძლება დასრულდეს.

“თუ იმ ქვეყნებმა, საითკენაც ჩვენი ტურისტები მიემართებიან, თქვეს, რომ PCR-სერტიფიკატის გაყალბებას საქართველოში მასობრივი სახე აქვს, არ არის გამორიცხული რომ ყველა აქედან წასული ტურისტი კარანტინში განათავსონ და ადგილზე ერთი ან ორი კვლევის ჩატარება დაავალდებულონ. ეს პრაქტიკა უკვე დანერგილია დიდ ბრიტანეთში, რომელიც „წითელი ზონის“ ქვეყნებიდან ჩასულ ყველა ტურისტს 2-კვირიან კარანტინში უშვებს ტურისტის ხარჯზე”, - განაცხადა კავკასიძემ.

“ლაბუნოს” ხელმძღვანელის ამბობს, რომ სიტუაციის კონტროლისთვის აუცილებელია სახელმწიფოს ჩარევა და შესაბამისი კანონებისა და ნორმატიული აქტების მიღება.

“პირველი და უმთავრესი არის ყველა მოლეკულური ბიოლოგიის ლაბორატორიის მიერ გაცემულ კოვიდ-19 კვლევის PCR-სერტიფიკატს ჰქონდეს თავისი უნიკალური QR კოდი, შემდეგ კი სასაზღვრო დეპარტამენტს დაევალოს ამ სერტიფიკატების QR კოდის შემოწმება, რაც დაახლოებით 30-წამიანი პროცედურაა. ასევე მნიშვნელოვანია, დაავადების კონტროლის ცენტრმა გააძლიეროს მოლეკულური ბიოლოგიის ლაბორატორიების გარე კონტროლი - გამოითხოვოს იმ პაციენტების ნაცხის ნიმუშები, რომლებსაც კვლევა ჩაუტარდათ და შეამოწმონ კვლევის რეზულტატების ხარისხი ე.წ. ლუგარის ლაბორატორიაში,” - განაცხადა გიორგი კავკასიძემ.

ინფორმაციისთვის, 7 ივნისს “ლაბუნოს” ცენტრმა ელფოსტით მიიღო წერილი ბერლინის საერთაშორისო აეროპორტის პოლიციიდან, სადაც დაწესებულებას ეკითხებოდნენ იყო თუ არა ავთენტური PCR კვლევის სერტიფიკატი, რომელიც პოლიციას წარუდგინა საქართველოს ორმა მოქალაქემ. ბაზების შემოწმების შემდეგ აღმოაჩინეს, რომ ორივე სერტიფიკატი იყო ყალბი. ამ მოქალაქეებისთვის იმ დღეებში, რომლებიც სერტიფიკატებში იყო მითითებული ლაბორატორიაში კვლევა არ ჩასტარებიათ. ასევე სერტიფიკატებზე „არ იკითხებოდა“ უნიკალური QR კოდი. ინფორმაცია გადაეცა თბილისის პატრულს და სწორედ ამას მოჰყვა ყალბი კოვიდ-პასპორტებისა და ნეგატიური PCR-ტესტების პასუხების დამზადებისთვის ცხრა პირის პასუხისგებაში მიცემა.