მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

PEGAS Touristik Georgia: ზაფხულის სეზონისთვის უდიდესი ინვესტიცია ჩავდეთ, თუმცა მოლოდინები არ გამართლდა

6137bdf79323b
მარიამ ადამია
07.09.21 23:30
679
“ჩვენ გვქონდა პოზიტიური მოლოდინები, რადგან გავთვალეთ ისე რომ ადამიანები, რომლებიც ორი წელია გამოკეტილია სახლში და არ ჰქონდა მოგზაურობის საშუალება, დაიწყებდნენ მოგზაურობას, ველოდებოდით მეტ მოთხოვნას, ჩავდეთ ინვესტიცია და გავთვალეთ რისკები, თუმცა მოლოდინები არ გამართლდა”, - ამის შესახებ, გადაცემა “საქმიან დილაში”, PEGAS Touristik Georgia-ის კომერციულმა დირექტორმა, სალომე ბერაიამ ისაუბრა და აღნიშნა, რომ შექმნილი იყო გარკვეული საფრენოსნო პროგრამა, რომელიც ნაწილობრივ არ შესრულდა, რადგან ეკონომიკური მდგომარეობა ქვეყანაში მძიმეა და ხალხს ფინანსური საშუალება არ აქვს მოგზაურობისთვის.

“არაპროგნოზირებადი გარემოს გამო, მთელი წლის განმავლობაში ხშირად მოგვიწია რეისების შეცვლა, ჩახსნა, რაც დისკომფორტია, როგორც ჩვენთვის როგორც მომწოდებელი კომპანიისთვის, ასევე დამსვენებლისთვის. იყო შემთხვევები, როცა გაფრენის წინა დღეს უდასტურდებოდათ კოვიდი და 100%-ით ვუბრუნებდით თანხას. არანაირი ჯარიმა არ დაგვიტოვებია და მაქსიმალურად ვცდილობდით მოვრგებოდით მდგომარეობას და მომხმარებლების ინტერესები დაგვეცვა. ეს ყველაფერი აისახა კომპანიის ბიუჯეტზე. კომერციული თვალსაზრისითაც არ იყო მომგებიანი. მაგრამ მიუხედავად ამისა, პირველი ნაბიჯი უკვე გადადგმულია, იმისთვის რომ 30%-ით მაინც აღდგეს სექტორი და დაუბრუნდეს პანდემიამდელ ნიშნულს”, - აღნიშნა ბერაიამ.

მისივე თქმით, PEGAS Touristik Georgia ამ ეტაპზე კონცენტრირებულია ორ მიმართულებაზე, ესენია ეგვიპტე და დუბაი, იქედან გამომდინარე რომ არცერთი არ ითხოვს ვაქცინაციის დამადასტურებელ საბუთს და მხოლოდ უარყოფითი PCR-ტესტით შეიძლება მოგზაურობა.

“ჩვენ მხოლოდ ამ ორ მიმართულებას შევთავაზებთ მომხმარებლებს მთელი ზამთრის განმავლობაში - ოქტომბრის ბოლოდან გაზაფხულამდე. შემდეგ კი იმედი გვაქვს, რომ  ეპიდსიტუაცია ქვეყანაში საშუალებას მოგვცემს, უფრო კარგად და მარტივად დავგეგმოთ შემდეგი წლის სეზონი", - განაცხადა ბერაიამ.