„ეგვიპტის ჩანაცვლება სხვა მიმართულებებით ძალიან რთულია, თითქმის შეუძლებელი, რაც მისი ბიუჯეტურობიდან გამომდინარეობს“, - ამის შესახებ BMG tv-ის გადაცემა „ქალების ნარატივში“ "პეგას ტურისტიკ ჯორჯიას" გენერალურმა დირექტორმა, სალომე ბერაიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ეგვიპტეში არის გარანტირებულად მზე, კარგი ამინდები, კარგი მომსახურება, მაღალი ხარისხის სასტუმროები. ეგვიპტის ჩანაცვლება მხოლოდ იმ ქვეყნით იქნებოდა შესაძლებელი, სადაც თბილა, მზეა და ფასიც ბიუჯეტურია.
„მოგეხსენებათ ომის გავლენიდან გამომდინარე ეს მიმართულება შეჩერებული გვქონდა. ისრაელის ომის გამო მომხმარებლები ფრთხილობდნენ, ეშინოდათ, არ იყო მოთხოვნა, შესაბამისად, რეისების გაუქმება მოგვიწია. ეს იყო ჩვენი კომპანიის მხრიდან სუფთა კომერციული გადაწყვეტილება, რათა აგვერიდებინა ზარალი. თუმცა ახლაც ვიტყვი, ეგვიპტეში არც არასდროს ყოფილა მოგზაურობის საფრთხე. 3 მარტს თბილისიდან შარმ ელ-შეიხის მიმართულებით რეისები ოფიციალურად აღდგება. სიტუაცია ეტაპობრივად წყნარდება, შესაბამისად, ფრენების ოფიციალური განახლების თარიღი სამი მარტი იქნება", - აღნიშნავს სალომე ბერაია.
ინფორმაციისთვის: Air Cairo-მ საქართველოდან ეგვიპტის კურორტის, შარმ ელ-შეიხის მიმართულებით ბოლო ჩარტერული რეისი 29 ოქტომბერს შეასრულა, რის შემდეგაც ფრენები დროებით გაუქმდა. აღსანიშნავია, რომ ფრენების შეწყვეტის მიზეზი ისრაელში არსებული საომარი ვითარება გახდა, რომელსაც ეგვიპტის კურორტთან კავშირი არ ჰქონდა, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ეგვიპტე ისრაელსა და ღაზასთან საზღვარს იზიარებს, ომმა მომხმარებელში შიში გააჩინა და მათ ჯავშნების აქტიური გაუქმება დაიწყეს. შესაბამისად, დაბალი მოთხოვნის გამო, ავიაკომპანია იძულებული გახდა ფრენების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიეღო.
Air Cairo თბილისიდან შარმ ელ-შეიხის მიმართულებით პირდაპირ ჩარტერულ ფრენებს კვირაში ერთხელ, კვირა დღეს ასრულებდა.