მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთი, კვიპროსი, საბერძნეთი - ევროპაში დასვენება გაძვირდა

64a3c3ee88df2
ლიკა მეგუთნიშვილი
04.07.23 17:42
4932
TravelSupermarket-ის მონაცემების მიხედვით, ევროპის ყველაზე პოპულარულ საზაფხულო კურორტებზე სამოგზაურო პაკეტების ფასი წინა წელთან შედარებით გაზრდილია. საუბარია, All Inclusive ტიპის პაკეტებზე, რომელიც ფრენას, სასტუმროში განთავსებასა და კვებას მოიცავს.

მაგალითად, ესპანეთის კუნძულებზე, კერძოდ კი მალიორკაზე, სრული ერთკვირიანი სამოგზაურო პაკეტის ფასი 21%-ით არის გაძვირებული, ტენერიფეზე ფასების 22%-იანი მატება ფიქსირდება, ხოლო საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე დასვენება წელს შარშანდელთან შედარებით 25%-ით ძვირი დაგიჯდებათ.

ზოგადად, ყველზე პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებზე, როგორიცაა ესპანეთი, თურქეთი, საბერძნეთი და კვიპროსი - წინა წელთან შედარებით დასვენება საშუალოდ 12%-ით არის გაძვირებული, ბულგარეთში ფასების ზრდა 13%-ს შეადგენს, ხოლო პორტუგალიაში სამოგზაურო პაკეტების ფასი ყველაზე ნაკლებად, 5%-ით გაიზარდა.

ზაფხულის ყველაზე მიმზიდველ ტურისტულ ქვეყნებში, ამჟამინდელი ფასები ასე განისაზღვრება: თურქეთში ერთკვირიანი All Inclusive პაკეტის საშუალო ღირებულება 1255 დოლარს შეადგენს, ხოლო ესპანეთში - 1172 დოლარს. საბერძნეთში ერთკვირიანი დასვენება საშუალოდ 1390 დოლარი დაგიჯდებათ, კვიპროსში - 1460 დოლარი, ხოლო პორტუგალიაში All Inclusive პაკეტით სარგებლობისთვის მინიმუმ 1266 დოლარის გადადება მოგიწევთ. ბულგარეთში ხარჯი კი დაახლოებით 1072 დოლარია.

რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, მაგალითად, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში წინა წელთან შედარებით ერთკვირიანი დასვენება 18%-ით არის გაძვირებული. თუკი, შარშან All Inclusive ტიპის პაკეტის საშუალო ღირებულება 1806 დოლარი იყო, წელს ხარჯი 2135 დოლარამდე არის გაზრდილი.

27%-ით გაძვირდა მაროკოში დასვენება. ტურისტებში მუდამ პოპულარულ ჩრდილოეთ აფრიკის ამ სახელმწიფოში ერთკვირიანი დასვენება წელს დაახლოებით 1214 დოლარი დაგიჯდებათ.

მაროკოზე არანაკლებ პოპულარული ტურისტული მიმართულებაა ეგვიპტე, სადაც გასულ წელთან შედარებით ერთკვირიანი დასვენების სრული პაკეტის ღირებულება თითქმის 9%-ით არის გაზრდილი და ხარჯი დაახლოებით 1564 დოლარს შეადგენს.

ბრიტანული ტურისტული სააგენტოს Travel Centre-ის ინფორმაციით, ფასების ზრდის მიუხედავად, მოთხოვნა მაინც მაღალია, თუმცა ბიუჯეტის დაზოგვის მიზნით, დამსვენებლები ორკვირიანი პაკეტების შეძენის ნაცვლად, დასვენების ერთ კვირამდე შემცირებას ამჯობინებენ.

TravelSupermarket-ის აღმასრულებელი დირექტორი, რიჩარდ ზინგერი მოგზაურებს აფრთხილებს, რომ გავრცელებული ხერხი - ფასების დავარდნის იმედად ბოლო მომენტამდე დალოდება - წელს არც ისე ჭკვიანური სვლა იქნება. როგორც ის აღნიშნავს, მოთხოვნა წელს იმდენად მაღალია, რომ მიწოდებას აჭარბებს, ამიტომ, ამ ზაფხულს ფასებს კლება მოსალოდნელი არ არის.

ამ სეზონზე ერთადერთი რამ, რაც შესაძლოა, დამსვენებელს უფრო იაფი დაუჯდეს - მანქანის დაქირავებაა. ესპანეთში ამ მომსახურებაზე ფასები 44%-ით არის შემცირებული, პორტუგალიაში 37%-ით, საბერძნეთში 25%-ით, ხოლო კვიპროსზე 11%-ით.

TravelSupermarket-ი დამსვენებლებს ურჩევს, რომ წელს უფრო იაფიანი მიმართულებები აირჩიონ და ჯავშნები რაც შეიძლება ადრე გააკეთონ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები