მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქვეყნები, სადაც ტურისტები ყველაზე ხშირად ცდებიან დაგეგმილ ბიუჯეტს - კვლევა

ლაპლანდია

ბრიტანულმა კომპანია Good Travel Management-ის კვლევის თანახმად, ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში მოგზაურებს წინასწარ გაწერილ ბიუჯეტზე მეტის დახარჯვა უწევთ.

გამოკითხვამ აჩვენა, რომ ბრიტანელ მოგზაურთა მხოლოდ 1/3 ახერხებს, რომ დანახარჯები სამოგზაურო ბიუჯეტში ჩატიოს. აღსანიშნავია ისიც, რომ, კვლევის თანახმად, საშვებულებო ხარჯებმა ბოლო წლებში რეკორდულ დონეს მიაღწია.

ევროპული ქვეყანა, სადაც მოგზაურებს ყველაზე ხშირად უწევთ დაგეგმილზე მეტი ფულის დახარჯვა, ფინეთია. კვლევის თანახმად, ტურისტები ამ სკანდინავიური ქვეყნისთვის ყოველდღიურად €124-იან ბიუჯეტს გეგმავენ, თუმცა მათი რეალური დანახარჯები ერთ დღეზე, საშუალოდ, €178-ს აღწევს. შესაბამისად გამოდის, რომ მოგზაურები ფინეთში ერთკვირიან მოგზაურობაში დაგეგმილზე €379-ით მეტს ხარჯავენ.

მიუხედავად იმისა, რომ ფინეთი ზედიზედ მეექვსე წელია, დედამიწის ყველაზე ბედნიერ ქვეყნად სახელდება, საკვებ პროდუქტებზე, ტრანსპორტსა და დასარჩენ ადგილებზე მაღალი ფასების გამო, ის განსაკუთრებით მიმზიდველი იმ ტურისტებისთვის არის, რომლებიც ბიუჯეტური მოგზაურობით არ არიან დაინტერესებული. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ, ევროკომისიის მონაცემებით, ფინეთში ალკოჰოლური სასმელები, ევროპულ საშუალოსთან შედარებით, 102%-ით ძვირია.

კიდევ ერთი ქვეყანა, სადაც გამოკითხულთა უმრავლესობა დღეში დაგეგმილზე €47-თი მეტს ხარჯავენ, მექსიკაა, სადაც ტურისტების დღიური ბიუჯეტი, საშუალოდ, €80-ს შეადგენს. შესაბამისად, მოგზაურები მექსიკაში, საშუალოდ, €127-თი მეტს ხარჯავენ, ვიდრე ეს მათ წინასწარ ჰქონდათ დაგეგმილი.

კვლევის თანახმად, მექსიკა სამოგზაუროდ ერთ-ერთ ყველაზე ბიუჯეტურ ქვეყნად მიიჩნევა, რის გამოც მოგზაურები ხშირად ფიქრობენ, რომ ნაკლები თანხის დახარჯვა მოუწევთ. სინამდვილეში კი, მექსიკური ვალუტის გამყარებასთან ერთად, ჩრდილოეთ ამერიკის ამ ქვეყანაში მოგზაურობა უფრო და უფრო ძვირი ჯდება.

მესამე ადგილს ეგვიპტე იკავებს, სადაც ბრიტანელი მოგზაურები დღეში დაგეგმილზე €43-თი მეტს ხარჯავენ. მიუხედავად იმისა, რომ ეგვიპტეში ტურისტების საჭიროებებზე მორგებული დღიური ბიუჯეტი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალია და დღეში მხოლოდ €25-ს ითვალისწინებს, როგორც აღმოჩნდა, ტურისტებს ხშირად ორჯერ მეტის დახარჯვა უწევთ.

კიდევ ორი ქვეყანა, სადაც ტურისტებს ხშირად უწევთ ბიუჯეტის დარღვევა, ნორვეგია და იაპონია არიან.

Good Travel Management-ის კვლევა იმ ქვეყნების რეიტინგსაც ავლენს, სადაც მოგზაურები დაგეგმილზე გაცილებით ნაკლებს ხარჯავენ.

ასეთია, მაგალითად, ბარბადოსი, სადაც მოგზაურთა დაგეგმილი დღიური ბიუჯეტი, საშუალოდ, €233-ია, თუმცა მათი დანახარჯები დღეში €142-ს შეადგენს.

ჰონკონგში მოგზაურები დაგეგმილზე €79-თი ნაკლებს ხარჯავენ, ნაცვლად წინასწარ განსაზღვრული €130-სა. ლუქსემბურგში კი ტურისტული დანახარჯები დღიურად €72-თი უფრო ნაკლებია, ვიდრე ისინი გეგმავენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები