ფინეთის პრემიერ-მინისტრის, პეტერი ორპოს კიევში ვიზიტის ფარგლებში, ოფიციალურმა ჰელსინკიმ უკრაინასთან $336 მილიონზე (€300 მლნ) მეტი ღირებულების შეთანხმებები გააფორმა.
ორ ქვეყანას შორის სულ შვიდი ახალი დოკუმენტი გაფორმდა. ეს შეთანხმებები ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის გაძლიერებას, სატელიტური ქსელების განვითარებასა და სატრანსპორტო ლოგისტიკის მხარდაჭერას ითვალისწინებს.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფინელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ პარტნიორის მხრიდან გამოყოფილი რესურსები ქვეყნის თავდაცვისუნარიანობასა და გამძლეობას მნიშვნელოვნად გაზრდის.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ თანამშრომლობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ფინურ სატელიტურ ქსელებზე უკრაინის წვდომის გაფართოება იქნება. ამ შეთანხმებაში ფინური ტექნოლოგიური კომპანიები Nokia და ICEYE-ი მიიღებენ მონაწილეობას.
ICEYE-ის განცხადებით, პარტნიორობა კიევს საკუთარი სუვერენული სატელიტური საკომუნიკაციო სისტემის შექმნაში დაეხმარება. ახალი შესაძლებლობები ქვეყანას დაზვერვისა და უსაფრთხოების ეფექტიანობის გაუმჯობესების საშუალებას მისცემს.
ამასთან, გაფორმებული შეთანხმებების ფარგლებში ფინეთი უკრაინას ზამთრის სეზონზე ენერგოსისტემის დაცვაში დაეხმარება. კიევი ჰელსინკისგან დამატებით ენერგეტიკულ აღჭურვილობას, დამცავ რესურსებსა და ათ დიზელის ლოკომოტივს მიიღებს.
ფინეთის მთავრობის განცხადებით, ოფიციალური ჰელსინკი უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო რეფორმების განხორციელებაშიც აქტიურ მხარდაჭერას აღმოუჩენს.
























