Pfizer-BioNTech ვაქცინის ორმა დოზამ შეიძლება უზრუნველყოს 95%-ზე მეტი დაცვა ინფიცირების, დაავადების მძიმე ფორმისა და სიკვდილისგან, - ამის შესახებ ნათქვამია ისრაელში ჩატარებულ უახლოეს კვლევაში.
ვაქცინაციის პროგრამით ეს ქვეყანა ამჟამად მსოფლიოში ლიდერობს - მისი მოსახლეობის ნახევარზე მეტმა (56%-მა) უკვე მიიღო Pfizer-ის ვაქცინის ორივე დოზა. ამ მონაცემებმა ექსპერტებს მისცა შესაძლებლობა ვაქცინის ეფექტურობა შეაფასონ.
კვლევა, რომელიც გუშინ სამედიცინო ჟურნალ Lancet-ში გამოქვეყნდა, ასკვნის, რომ ვაქცინის ერთი დოზა უზრუნველყოფს 58%-იან დაცვას ინფექციისგან, 76%-იან დაცვას საავადმყოფოში მოხვედრისგან და 77%-იან დაცვას სიკვდილისგან.
კვლევისთვის, მეცნიერებმა ქვეყნის პანდემიის ეროვნული მონიტორინგის მონაცემები გააანალიზეს 2021 წლის 24 იანვრიდან 3 აპრილამდე. ამ პერიოდში ისრაელში დომინირებდა ბრიტანული შტამი, და ინფექციების "აბსოლუტურ უმრავლესობა" ამ შტამით იყო გამოწვეული.
ისრაელში 2 აპრილისთვის 16 წლის და მეტი ასაკის ადამიანების 72%-ს და 65 წლის ასაკის 90%-ს ჰქონდა მიღებული Pfizer-ის ვაქცინის ორივე დოზა და ამიტომ ისინი ითვლებოდნენ სრულად დაცულნი.
შედეგებმა აჩვენა, რომ 16 წელზე უფროსი ასაკის ყველა ადამიანისთვის ვაქცინა უზრუნველყოფს 96,5%-იან დაცვას ინფექციისგან, 98%-იან დაცვას საავადმყოფოში მოხვედრისგან და 98,1%-იან დაცვას სიკვდილისგან, ეს ყველაფერი კი მეორე დოზის მიღებიდან 14 დღის შემდეგ.
მკვლევარების თქმით, ხანდაზმულთა დაცვა ისეთივე ძლიერი იყო, როგორც ახალგაზრდებისთვის, მათ შორის 85 წელს გადაცილებულების 94.1% დაიცვა ინფექციისგან, 96.9% საავადმყოფოში მოხვედრისგან და 97% სიკვდილისგან, მეორე დოზის მიღებიდან ერთი კვირის შემდეგ.