მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Tiflistex-ის ქართული წინდა EU-ს 5 ქვეყანაში იყიდება - 2022 წელს ექსპორტი 10%-ით გაიზარდა

63dbad43b8752
ვიქტორია მღებრიშვილი
05.02.23 14:30
730
Tiflistex-ის ქართული წინდის საექსპორტო ბაზრები გააფართოვა, რითაც 2022 წელს ქვეყნის საზღვრებს გარეთ პროდუქტის რეალიზება 10%-ით გაიზარდა. ამის შესახებ BM.GE-ს კომპანიის გენერალურმა დირექტორმა გიორგი გაჩეჩილაძემ უთხრა.

მისი ინფორმაციით, გასულ წელს Tiflistex-ის საწარმომ 1.6 მლნ წინდის წარმოება და რეალიზება შეძლო. გაყიდვების 50-60% კი ექსპორტზე იყო მიმართული. გიორგი გაჩეჩილაძე ამბობს, რომ 2022 წელს კომპანიამ პირველი ექსპორტი იტალიასა და დანიაში განახორციელა.

„რეალიზების მაჩვენებელი ახალი საექსპორტო ბაზრების ათვისებამ განაპირობა. გასულ წელს დანიასა და იტალიაში პირველი პარტიები გავიტანეთ და აქედან გამომდინარე, წელს ამ ბაზარზე რეალიზების გააქტიურებას ვგეგმავთ. რთულია იმის თქმა წელს რამდენით გაიზრდება ექსპორტის მოცულობები, თუმცა ტენდენცია მზარდი იქნება. დღეისთვის Tiflistex-ის ქართული წინდა საბერძნეთში, რუმინეთში, გერმანიაში, დანიასა და იტალიაში იყიდება“, - ამბობს კომპანიის გენერალური დირექტორი და დასძენს, რომ მათთვის დღეისთვის ევროკავშირის ბაზარზე რეალიზების მაჩვენებლების გაზრდა უპირატესია, რამეთუ ეს ბაზარი დიდი და შემოსავლიანია.

გიორგი გაჩეჩილაძე აღნიშნავს, რომ ტექსტილის სექტორში კონკურენცია ძალიან მაღალია, შორეული აღმოსავლეთიდან ევროკავშირში ძალიან იაფი პროდუქცია შედის.

„ფასის კუთხით, ქართული წინდა ჩინურს კონკურენციას ვერასდროს გაუწევს, თუმცა ჩვენ სხვა უპირატესობები გვაქვს. პირველ რიგში ეს ხარისხია, მეორე ფაქტორი ევროპასთან საქართველოს გეოგრაფიული სიახლოვეა. ამასთან საქართველო ევროკავშირის პარტნიორი ქვეყანაა და თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი მოქმედებს. შესაბამისად, კონკურენციას ჩინურ პროდუქტს ამ ფაქტორების გათვალისწინებით ვუწევთ“, - განაცხადა გაჩეჩილაძემ.