მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„პორტის ტერიტორია პარკინგადაა ქცეული“ – „კოსკო შიპინგი“ ბათუმის ტერმინალის გადატვირთვაზე

6391976945a13
ვიქტორია მღებრიშვილი
08.12.22 12:47
1371
სატვირთო გადაზიდვების კომპანია „კოსკო შიპინგის“ კომერციული დირექტორის გივი ჩაჩანიძის თქმით, ბათუმის საკონტეინერო ტერმინალის გადატვირთვა პორტის ტერიტორიის არამიზანმიმართული გამოყენების შედეგია. როგორც ჩაჩანიძემ „საქმიან დილაში“ საკითხზე საუბრისას განმარტა, ბათუმის პორტის ტერიტორია პარკინგად არის ქცეული, მაშინ როდესაც ავტოსადგომის ადგილას პორტს ტვირთების მიღების შესაძლებლობა აქვს.

საქმე ის არის, რომ ბათუმის საკონტეინერო ტერმინალი გაზრდილი ტვირთბრუნვის გამო კონტეინერების მომსახურებას ვეღარ ახერხებს, ავტოიმპორტიორებს კი აღნიშნული მიზეზით ტვირთების დაყოვნების გამო ჯარიმების გადახდა უწევთ, რაც როგორც კომპანიებს, ასევე მათ მომხმარებელს აზარალებს. რადგან ისინი დროულად შეკვეთილ ავტომობილებს ვერ იღებენ. ბათუმის პორტის ადმინისტრაცია ავტოდილერებს კონტეინერების ფოთში ტრანსპორტირებას და ფოთის პორტში გახსნას ურჩევენ. ავტოიმპორტიორთა ნაწილმა შესაძლებლობის მიხედვით კონტეინერების გადაზიდვას ფოთში უკვე დაიწყო.

„კოსკო შიპინგის“ კომერციული დირექტორი, რომელიც ასევე ბათუმის საკონტეინერო ტერმინალის პარტნიორი კომპანიაა, აცხადებს, რომ ეს პრობლემა მეორეული ავტომობილების გაზრდილი ტვირთბრუნვის გამო გაჩნდა.

„პრობლემა იქმნება ბათუმის ტერმინალზე, რომელსაც მეორეული ავტომობილების გაზრდილი ტვირთბრუნვა იწვევს. ჩვენი დადგენილებით ამ ავტომობილების კონტეინერებიდან გადმოცლა გეზ-ის ტერმინალის ტერიტორიაზე უნდა ხდებოდეს, რაც ბათუმის პორტის შიდა ტერიტორიაა. თუ შევხედავთ, პორტის ტერიტორია პარკინგად არის ქცეული. გახსნის შემდეგ მიმღების მიერ მანქანების გაყვანა გვიან ხდება და მანქანები გროვდება, ეს კი პრობლემებს იწვევს. მიმღებებს იმ რაოდენობის მანქანები ვერ გაჰყავთ, რა რაოდენობითაც მათი შემოყვანა ხდება“, - ამბობს ჩაჩანიძე.

„კოსკო შიპინგის“ კომერციული ხელმძღვანელი ამბობს, რომ მსოფლიოში არ ახსენდება პორტები, რომელთა ტერიტორიაც პარკინგად გამოიყენება და ეს დაუშვებელია. ის განმარტავს, რომ ერთი დამტვრეული ავტომობილი 6 კონტეინერის ადგილს იკავებს.

„თვითონ პორტი და მისი ტერიტორია ძვირ მიწად ითვლება, ამიტომ იქ მხოლოდ ტვირთების ოპერირება უნდა ხდებოდეს. ერთი ავტომობილის ადგილას, რომელიც პორტის ტერიტორიაზე დგას, შეიძლება 6 კონტეინერი იდგეს ერთმანეთზე დალაგებული, ფაქტობრივად, ერთი დამტვრეული ავტომობილი 6 კონტეინერის ადგილს იკავებს, რაც რეალურად პრობლემაა. ჩემი გამოცდილებით პორტის ტერიტორიაზე მსგავსი ფაქტი საერთოდ არ უნდა იყოს და კონტეინერის გახსნის შემდეგ, ავტომობილის გადაყვანა სხვა ტერიტორიაზე არსებულ პარკინგზე უნდა ხდებოდეს. არსებული ვითარება ტვირთბრუნვას და ტრანზიტის შეფერხებას იწვევს. საუბარი გვაქვს ტრანზიტის პრობლემაზე“, - განმარტა კომპანიის წარმომადგენელმა და დასძინა, რომ ამ პრობლების გამო, მათი კომპანია თავიანთი გენერალური ტვირთების მომსახურებასაც ვეღარ ახერხებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები