09.სექტემბერი .2020 10:43

Powerchina/Sinohydro ხულო-ზარზმის 42 კმ-იან გზას თანამედროვე ტექნოლოგიებით აშენებს (R)

views 225
უკან

კომპანია POWERCHINA/Sinohydro (ფაუერჩაინა/სინოჰიდრო) უახლოეს მომავალში სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის 42 მონაკვეთის სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესრულებას დაიწყებს.

როგორც კომპანიიდან BM.GE-ის აცნობეს, შეთანხმება კომპანიასა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შორის მას შემდეგ შედგა, რაც POWERCHINA/Sinohydro-მ (ფაუერჩაინა/სინოჰიდრო) სამინისტროს მიერ გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გაიმარჯვა.

კომპანიაში აცხადებენ, რომ გზის სარეკონსტრუქციო სამუშაოებს უახლოესი ტექნოლოგიების გამოყენებით შეასრულებენ. გარდა ამისა, სამუშაოების განხორციელება არ გადაიდება მსოფლიოში არსებული ეპიდვითარების გამო, რადგან POWERCHINA/Sinohydro-ს როგორც ტექნიკური, ისე თანამშრომლების ბაზა საქართველოში აქვს განთავსებული. შესაბამისად, კომპანიას არ მოუწევს არც ტექნიკური, არც ადამიანური რესურსის მობილიზება საზღვარგარეთიდან.

კომპანიაში ამბობენ, რომ აცნობიერებენ აღნიშნული პროექტის მნიშვნელობას და მოხარულები არიან, რომ ამ მიმართულებით საქართველოსთან თანამშრომლობას განაგრძობენ.

ცნობისთვის, ხულო-ზარზმის განახლებული გზა რეგიონისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მონაკვეთია, რომელიც სამცხე-ჯავახეთისა და აჭარის რეგიონებს დააკავშირებს. განახლებული გზით, ბათუმიდან ახალციხემდე მგზავრობის დრო 1.5 სთ-ით შემცირდება. პროექტს არაბთა ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდი (KFAED) 95 მილიონი ლარით აფინანსებს.

POWERCHINA (ფაუერჩაინა) და მისი შვილობილი კომპანია Sinohydro (სინოჰიდრო) ერთ-ერთი უმსხვილესი სამშენებლო კომპანიაა ჩინეთში, რომელსაც ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. 2009 წლიდან მოყოლებული, საერთაშორისო დონორების დაფინანსებით, „სინოჰიდრომ“ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა საქართველოშიც.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა