მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

PPA მექანიზმის ფუფუნება, დღესდღეობით, სახელმწიფოს არ გააჩნია - ნათია თურნავა

61a49c54b0ae5
მარიამ ვარადაშვილი
29.11.21 14:10
810
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის მექანიზმმა (PPA) 2014-2015 წლებში თვაისი როლი შეასრულა და მისი დახმარებით საკმაოდ ბევრი მცირე ელექტროსადგური განვითარდა, თუმცა დღეს სახელმწიფოს ამ მექანიზმით ახალი გენერაციების დაფინანსების ფუფუნება აღარ აქვს.

ასე უპასუხა ეკონომიკის მინისტრმა BMG-ის ჟურნალისტის კითხვას იმის თაობაზე, რომ ენერგეტიკის სექტორი PPA მექანიზმის აღდგენას ითხოვს.

“ეს არის თითქმის 100%-იანი გადაზღვევა, რისი ფუფუნებაც, დღესდღეობით, სახელმწიფოს არ გააჩნია. აქედან გამომდინარე, ელექტროენგიის ბირჟა უფრო თანამედროვე მექანიზმია, რომელიც წარმოდგენილია როგორც ჩვენს რეგიონში, ასევე ევროპულ ქვეყნებშიც. აქ მეტად უფრო საბაზრო პრინციპზე დაყრდნობით ხდება ფასის ფორმირება, თუმცა სახელმწიფო კვლავაც იტოვებს ისეთ ბერკეტს დაეხმაროს ბირჟის მიღმა [ზევით] მცირე დეველოპერებს, ქარის, მზის ან ჰიდრო სადგურების ინვესტორებს. ეს იქნება ე.წ. ფიდინგ პრემიუმი. სრულად არა, მაგრამ ნაწილობრივ 1.5 ცენტის ფარგლებში თითო კვ/სთ-ზე დამატებით დახმარების და გარანტიას იძლევა. დღეს ვართ მეტად განვითარებული ენერგეტიკული ბაზრისა და სექტორის პირობებში, რადგან საკმაოდ ბევრი რამ გაკეთდა 2017 წლის შემდეგ, როცა სახელმწიფო ენერგეტიკულ გაერთიანებას შეუერთდა რეფორმის თვალსაზრისით. აქედან გამომდიანრე, საკმაოდ კარგად იმოქმედებს ეს მექანიზმი”, - აცხადებს თურნავა.

მინისტრის თქმითვე, ენერგეტიკული ბირჟა 2022 წლის მარტში აუცილებლად ამოქმედდება.

“მას შემდეგ, რაც ჩვენ ახალი მექანიზმი “ფიდინგ პრემიუმი” წარვადგინეთ და ყველამ იცის, რომ ბირჟაც აუცილებლად ამოქმედდება მომავალ წელს, მარტში. 92 ახალი პროექტი,სრულიად ბირჟაზე დაფუძნებული, რომელსაც “ფიდინგ პრემიუმის” დახმარებაც კი არ მოუთხოვია, ხელმოწერილია და მემორანდუმის სახით არსებობს. ასევე 17 ახალი პროექტი “ფიდინგ პრემიუმის” მექანიზმის ქვეშ არის. მაღალი ინტერესია”, - აცხადებს თურნავა.

27 ნოემბერს პარლამენტში PPA მექანიზმის მნიშვნელობაზე ისაუბრა "საქართველოს განახლებადი ენერგიის კომპანიის" ფინანსურმა დირექტორმა ნუკა მშვიდობაძემ და განაცხადა, რომ ახალი, განახლებადი ენერგიის ობიექტების აშენებისთვის საჭიროა, PPA მექანიზმის აღდგენა.

ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის მექანიზმით სახელმწიფო წინასწარ განსაზღვრული დროის შუალედში და გარკვეულ ფასად, გარკვეული მოცულობის ელექტროენერგიის შესყიდვის ვალდებულებას იღებს. კომპანია კი თავის მხრივ, ვალდებულია, უზრუნველყოს ელექტროენერგიის მიწოდება გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებაში მითითებული პირობებით. ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებები ენერგეტიკაში ინვესტიციების მოზიდვისა და შენარჩუნების ერთ-ერთი ინსტრუმენტია, თუმცა 2017 წელს IMF-ის რეკომენდაციის შედეგად, საქართველოს მთავრობამ PPA-ზე მორატორიუმი გამოაცხადა. უფრო კონკრეტულად კი, გარანტირებული შესყიდვების კუთხით, ფისკალური რისკების გათვალისწინების პირობით, გამონაკლისი დაიშვა მხოლოდ ორ პროექტზე - კორომხეთი ჰესსა და ნამახვანის ჰესების კასკადზე.