15.ივლისი .2020 20:20

პრემიერი: ახალი ზელანდია კორონავირუსის ხელახლა გავრცელებისთვის უნდა მოემზადოს

views 528
უკან

ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრი ჯასინდა არდერნი მოსახლეობას COVID-19-ის ხელახლა გავრცელების შესაძლებლობის შესახებ აფრთხილებს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

როგორც ქვეყნის პრემიერმა განაცხადა, COVID-19-თან ბრძოლის რაიმე კონკრეტული მეთოდი არ არსებობს და დიდი ალბათობით ახალ ზელანდიაში ინფიცირების ახალი კერებიც გაჩნდება.

„ყველა ქვეყანაში, რომლის COVID-19-თან გამკლავების სტრატეგიის გამეორებასაც ვცდილობდით, ინფიცირებების ახალი შემთხვევები ფიქსირდება. საკმარისია, შევხედოთ ავსტრალიას, ჰონგ-კონგს, სინგაპურს და სამხრეთ კორეას, ეს ის ადგილებია, სადაც ვირუსის გავრცელებას აკონტროლებდნენ, თუმცა COVID-19 იქ ხელახლა გავრცელდა“, – განაცხადა არდერნმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ უკან დაბრუნება არავის სურს, თუმცა აუცილებელია, ქვეყანამ მიღწეული წარმატების შენარჩუნება შეძლოს.

„რეალობა არის ის, რომ ვირუსთან ბრძოლა დასრულებული არ არის, თუ ვირუსი ხელახლა გავრცელდა, ჩვენი ამჟამინდელი მდგომარეობის შენარჩუნების გეგმა უნდა გვქონდეს“, – აღნიშნა არდერნმა.

ახალ ზელანდიაში COVID-19-ის 1200-მდე შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 22 პაციენტი.