მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერი კონკურენციის სააგენტოს საწვავის ფასების შესახებ ანგარიშის წარსადგენად დროს 15 მაისამდე აძლევს

626c167edd1d9
ელენე გოგბერაშვილი
29.04.22 20:44
1377
პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, კონკურენციის სააგენტო საწვავის ფასების კუთხით ბაზარზე არსებულ ვითარებას დააკვირდება და ანგარიშს ეკონომიკურ საბჭოს 15 მაისამდე წარუდგენს.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე მიიღეს, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღეს გაიმართა.

შეხვედრაზე საბჭოს წევრებს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი ლექვინაძემ საავტომობილო საწვავის ფასებზე არსებული ვითარების გასული სამი თვის ანგარიში წარუდგინა. ანგარიშის განხილვის შედეგად მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ სააგენტო საწვავის ბაზარზე დაკვირვებას განაგრძობს, რათა შეიმუშაოს სრულყოფილი რეკომენდაციები ბაზარზე ჯანსაღი კონკურენციის ხელშესაწყობად.

"ეკონომიკური საბჭოდან გვეთხოვა გავაგრძელოთ დაკვირვება საწვავის ბაზარზე. დაახლოებით 15 მაისამდე პერიოდში ჩვენ წარმოვადგენთ აპრილის ჩათვლით ბაზარზე არსებულ ვითარებას და იმ სუსტ წერტილებს, სადაც შეიძლება გაიცეს ისეთი რეკომენდაციები, რომელმაც უნდა უზრუნველყოს, ბაზრის კიდევ უფრო კონკურენტუნარიანობა. კონკურენციის სააგენტო ამ მიმართულებით აქტიურად გააგრძელებს მონიტორინგის პროცესს და რეკომენდაციებზე მუშაობას"- ამბობს ირაკლი ლექვინაძე.