ეს არ არის სწორი ინტერპრეტაცია და არის კიდევ ერთი მცდელობა, რომ მოდელირებული, დამახინჯებული რეალობა მიაწოდონ საზოგადოებას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა, საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.
ბექა ლილუაშვილის თქმით, 2012 წელთან შედარებით მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე ქვეყანაში გაზრდილია თითქმის 40 პროცენტით და სავალუტო ფონდის მონაცემებით მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ეს მონაცემები 28 პროცენტით გაიზრდება.
„ბატონ ჯაფარიძეს შეგიძლიათ დაუსვათ კითხვა, რამდენით გაიზარდა 2012 წლის შემდეგ მთლიანი შიდა პროდუქტი საქართველოს ერთ სულ მოსახლეზე, მაგალითად, გამოხატული თურქულ ლირაში, რაც აბსოლუტურად არასერიოზულია, იმიტომ, რომ ამ მაჩვენებლის შეფასებისთვის არ გამოიყენება ნომინალურად, ამერიკული დოლარის ვალუტა. ამ მაჩვენებლის შეფასებისთვის გამოიყენება ისეთი მეთოდი, რომელიც დამკვიდრებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის მიერ, ეს არის საერთაშორისო დოლარის მაჩვენებელი და ამ მაჩვენებლით იმისთვის, რომ ერთი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე შევადაროთ მეორე ქვეყნის იმავე მაჩვენებელს, გამოიყენება სწორედ ეს მაჩვენებელი და არა რომელიმე ნომინალური ვალუტა რომელიმე ქვეყნის. ამ მაჩვენებლით 2012 წელთან შედარებით, მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე ქვეყანაში გაზრდილია თითქმის 40 პროცენტით, რაც ბუნებრივია, პროგრესია. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიო სავალუტო ფონდის მონაცემებით მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ეს მონაცემები კიდევ უფრო გაიზრდება, დაახლოებით 28 პროცენტით", - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ 2013 წლიდან 2019 წლამდე, ერთ სულ მოსახლეზე მშპ არ გაზრდილა.