მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერმა ძალიან დაგვამშვიდა, ყველაფერი ადეკვატურად მიიღო - სოსო ფხაკაძე

60645f84604e3
თათია ჩაფიჩაძე
31.03.21 15:39
2471
პრემიერმა ძალიან დაგვამშვიდა, ყველაფერი ადეკვატურად მიიღო - ამის შესახებ “საქართველოს ბიზნესასოციაციის” პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე ბიზნესმა 10 პუნქტი წარადგინა, რომლის მოგვარებას ხელისუფლების მეთაური მათ ეტაპობრივად დაჰპირდა. თუმცა კონკრეტულად რა საკითხები აწუხებს ბიზნესს, ფხაკაძემ არ გააჟღერა.

ჟურნალისტების შეკითხვების საპასუხოდ მან აღნიშნა, რომ ერთ-ერთ უმთავრეს საკითხად გაცვლითი კურსის სტაბილურობა განიხილეს.

“იყო დაახლოებით 10 პუნქტი, რომლის ქვეშაც წარმოვადგინეთ მთელი ბიზნესის ხედვა, რას ვფიქრობდით თითოეულ თემასთან მიმართებით. ჩვენ ისეთ ინფორმაციას ვერ მივაწვდით ვერავის, რომელიც არ არის ასჯერ გადამოწმებული. დღეს ძირითადად ვიყავით მაკროეკონომისტები და გვინდოდა პროფესიონალურად განგვეხილა ეს საკითხები.

ეს ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხებია, აუცილებლად სწრაფი გადაწყვეტილებებია მისაღები. პრემიერი შეგვპირდა, რომ თანდათანობით თითოეულს მიხედავს. გვექნება ერთობლივი შეხვედრები, ამით არ დამთავრდება. მოწადინებულები ვართ, რომ ბევრი შეხვედრა გაიმართოს, იმისათვის, რომ ბიზნესი დადგეს ფეხზე რამეთუ ძლიერ ეკონომიკას ქმნის ბიზნესი და ეს არის ქვეყნის წარმატების მთავარი საწინდარი.

ერთად უნდა ვიმუშაოთ ეკონომიკის ფეხზე დასაყენებლად“, - განაცხადა ფხაკაძემ.

bm.ge-ს ინფორმაციით, 10 საკითხი, რომელიც პრემიერთან შეხვედრაზე ბიზნესმა განიხილა შემდეგნაირად გამოიყურება:

- ლარი
- FDI
- სასამართლო
- სხვადასხვა რეგულაცია
- საქსტატის მეთოდოლოგიაში მეტი სიცხადე
- სახელმწიფო ბიუროკრატია
- PPP პროექტებში მეტი სიცხადე
- კაპიტალის ბაზრის განვითარება
- განათლება
- სექტორული პრეფერენციები