მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„რაც გვაწუხებს, ყოველთვის ღიად ვამბობთ“ - სოსო ფხაკაძე ინვესტორთა საბჭოზე შეხვედრაზე

63f5fe9f7480c
ვიქტორია მღებრიშვილი
22.02.23 16:04
881
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ინვესტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს მწვანე ეკონომიკის განვითარების ინიციატივები, სამთო მრეწველობის შესაძლებლობები და გამოწვევები, საქართველოს განათლების სისტემის ინტერნაციონალიზაცია, შავი ზღვის პლატფორმის ფარგლებში თანამშრომლობის საკითხები და შუა დერეფნის სატრანზიტო მარშრუტის განვითარების მიმართულებები. 

ინვესტორთა საბჭოს დასრულების შემდეგ წევრებმა შეხვედრის შესახებ კომენტარები გააკეთეს, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციამ ვიდეოს სახით გაავრცელა. საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე აცხადებს, რომ ინვესტორთა საბჭო ძალიან კარგი პლატფორმაა, სადაც ასოციაციების ხელმძღვანელები იმ საკითხებს აყენებენ, რომელიც მათ წევრებს აღელვებთ.

„ჩვენ ამ საკითხების ძალიან პროფესიულად და არგუმენტირებულად დაყენებას ვცდილობთ. დღეს ასოციაციებმა რამდენიმე საკითხი დავაყენეთ, ბევრზე პასუხი იქვე მივიღეთ, რამდენიმეზე კი პრემიერი შეგვპირდა, რომ დაგვიბრუნდება პასუხით და ეს კომუნიკაცია მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება, რაც შეიძლება მეტად განვითარდეს ბიზნესი. ჩვენ აქ არაარგუმენტირებული პოზიციით არასდროს მოვსულვართ, ყოველთვის რაც გვაწუხებს, იმას ვამბობთ ღიად და კარგია, რომ კომუნიკაციის და კონკრეტული პრობლემების გადაწყვეტის მზაობა არის, ამაზე მეტი ჩვენ არაფერი გვინდა“, - განაცხადა ფხაკაძემ.

ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის რეგიონული დირექტორი კავკასიაში, კატარინე ბიორლინ ჰანსენი აცხადებს, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, ბიზნესასოციაციების და მთავრობის მონაწილეობით გამართულ შეხვედრაზე განხილული საკითხებით კმაყოფილები არიან.

„ვისაუბრეთ ეკონომიკური თემატიკის მთელ სპექტრზე, შუა დერეფანზე და განახლებადი ენერგიის მიმართულებით ინვესტიციებზე, ასევე ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასა და იმ ბარიერების მოხსნაზე, რომელიც ამჟამად აწუხებს ბიზნესს და გამოსწორებადია“, - განაცხადა კატარინ ბიორლინ ჰანსენმა.

ინვესტორთა საბჭოს მდივანმა გიორგი ჩერქეზიშვილი შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების გარდა საუბარი საქართველოს ეკონომიკური წინსვლის მაჩვენებელს, მაკროეკონომიკურ მდგომარეობას შეეხო.

„ხაზგასმით აღინიშნა შუა დერეფნის მნიშვნელობა და ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც დაწყებულია და გაცხადდა, რომ უახლოეს პროცესში დაიწყება მუშაობა. ასევე ინვესტორთა წევრების მხრიდან დაყენებული იყო წიაღის მიმართულებით რეფორმის განვითარების მნიშვნელობა და ასევე უცხოელი სტუდენტებისთვის და ზოგადად განათლების სისტემის საერთაშორისო ასპარეზზე უფრო მეტი შესაძლებლობის გატანის საკითხი“, - განაცხადა გიორგი ჩერქეზიშვილმა და დასძინა, რომ ინვესტორთა საბჭოს სამუშაო ჯგუფები აღნიშნულ საკითებზე მუშაობას გააგრძელებენ და შემდეგ სხდომაზე ინვესტორთა საბჭოს წევრებს და საზოგადოებას ინფორმაციას მიაწვდიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები