მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრეზიდენტმა ნათია თურნავა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატად წარადგინა

628c900dedead
შოთა ტყეშელაშვილი
24.05.22 11:56
1403
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად ეკონომიკის ყოფილი მინისტრის ნათია თურნავას კანდიდატურა წარადგინა. შესაბამისი ინიციატივა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დღეს წარადგინეს.

“საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებაა, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად ნათია თურნავას კანდიდატურის წარდგენის შესახებ. წამყვანი კომიტეტი იქნება პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი და სავალდებულო დასკვნა უნდა წარმოადგინოს დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა,”- განაცხადა გია ვოლსკიმ, რომელიც ბიუროს სხდომას ხელმძღვანელობდა.

ეროვნული ბანკის შესახებ კანონის მიხედვით, სების საბჭო 9 წევრისგან უნდა შედგებოდეს. ამჟამად საბჭოში 7 წევრია, შესაბამისად ორი პოზიცია ვაკანტურია.

"მე მაქვს სურვილი, შევიცვალო სფერო და სხვა ასპარეზზე მოვსინჯო ჩემი ძალები. ვრჩები ჩვენი გუნდის ერთგულ წევრად. ჯერჯერობით, ვიხილავთ რამდენიმე მიმართულებას, კონკრეტიკა ჯერ არ არის, როგორც კი საბოლოო გადაწყვეტილება იქნება, გავანდობთ საზოგადოებას. მადლობა მედიას, რომ ყოველთვის ყურადღების ცენტრში ვიყავით და სულ ფორმაში მამყოფებდით“,- 9 თებერვალს განაცხადა ნათია თურნავამ, როცა მინისტრის პოსტი დატოვა.

ნათია თურნავა ეკონომიკის მინისტრის პოსტს 2019 წლის აპრილიდან 2021 წლის 9 თებერვლამდე იკავებდა. მანამდე 2018 წლის 14 სექტემბერიდან ის, უწყებაში მინისტრის მოადგილის პოსტზე იყო; 2013 წლის აგვისტოდან 2018 წლის სექტემბერამდე - სს „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის ადგილი ეკავა; 2006 – 2013 წ.წ.-ში - შპს „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ დირექტორთა საბჭოს წევრი, შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის“ გენერალური დირექტორი, დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე იყო; საქართველოს ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილის პოსტს ის 2005 წ. სექტემბერიდან - 2006 წლის ნოემბერამდეც იკავებდა; 2005 წ. მაისიდან კი საქართველოს პრეზიდენტთან არსებული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე იყო; 2000 – 2005 მაისი - საქართველოს ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე; 1998 – 2000 წ.წ. - თბილისის საკრებულოს წევრი, საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე; 1997 - 2000 წ.წ. - მუშაობდა სახელმწიფო კანცელარიაში თანმიმდევრულად სახელმწიფო მრჩევლად, ეკონომიკური სამსახურის საფინანსო-საბიუჯეტო პოლიტიკის განყოფილების უფროსის მოადგილედ, ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოადგილედ, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოვალეობის შემსრულებლად; 1994 – 1996 წ.წ. - მუშაობდა საქართველოს პოლიტოლოგიის ინსტიტუტში, წამყვან მეცნიერ თანამშრომლად, აგრეთვე კითხულობდა ლექციებს ეკონომიკის სხვადასხვა დისციპლინაში თბილისის უმაღლეს სასწავლებლებში.