მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრივატიზაციის გეგმა ამბიციური, თუმცა შესრულებადია - მინისტრის მოადგილე

60e84c3cbe457
ინგა მურუსიძე
09.07.21 18:23
723
პრივატიზაციის გეგმა ამბიციურია, თუმცა შესრულებადი, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ეკონომიკურად ყველაზე სწორი მიდგომა არის მეტი პრივატიზაცია, სწორედ ამიტომ გეგმა იზრდება.

„ვხედავთ, რომ პრივატიზაციის გეგმა იზრდება, 150 მლნ იყო სახელმწიფო ბიუჯეტში და 350 მილიონამდე გაიზარდა. დღეის მდგომარეობით რომ შევაფასოთ, თუ რამდენად ეფექტურად ხორციელდება ეს პროცესი, გეტყვით, რომ პირველი კვარტალი საკმაოდ სუსტი იყო, მეორე კვარტალში 200 მლნ ლარი არის მობილიზებული ნაერთ ბიუჯეტში პრივატიზაციიდან და გეგმა იზრდება 480 მლნ ლარამდე. ამბიციური გეგმაა, არ ვიტყვი, რომ მარტივად შეასრულებელია, ვინაიდან არ ვსაუბრობთ ერთი ობიექტის გაყიდვაზე. თორემ, ძალიან მარტივი იქნებოდა, ერთი ობიექტი გავყიდოთ და ეს თანხა ამოვიღოთ. აქ არის საუბარი ბევრი ობიექტის გაყიდვაზე. ბევრ ობიექტს ბევრი მყიდველი სჭირდება. ამბიციური გეგმაა, თუმცა შესრულებადი“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

მისივე თქმით, ქონების მართვის სააგენტოს უკვე მიცემული აქვს დავალება, რომ რაც შეიძლება მეტი ქონების მომზადება და გამოტანა მოხდეს საპრივატიზაციოდ.