მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრივატიზაციის ორი გეგმა სახელმწიფო ქონების სააგენტოში - ოფიციალური და შიდა

5ecb6ba2b76c6
თელარა გელანტია
25.05.20 10:51
1790
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, წლის პირველ კვარტალში პრივატიზების შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტში 43, 633, 544 ლარის მობილიზება გახდა შესაძლებელი, რაც იმას ნიშნავს, რომ გეგმა 134.25%-ით შესრულდა.

ამის შესახებ სააგენტომ ინფორმაცია facebook-ის გვერდზე გამოაქვეყნა, სადაც ასევე მითითებული იყო, რომ არაფინანსური აქტივების პრივატიზების საფუძველზე სახელმწიფო ბიუჯეტის პირველი კვარტლის გეგმა 32,500,000 ლარს შეადგენდა;

თუმცა თემაზე მუშაობისას bm.ge-მ აღმოაჩინა, რომ 2020 წლის პირველი სამი თვის გეგმად სახელმწიფო ბიუჯეტში მითითებული იყო არა 32.5 მლნ ლარი, არამედ თითქმის 10 მლნ-ით ნაკლები - 23 მლნ და შესაბამისად, კვარტლური გეგმა 192%-ით შერულდა.

ჩვენ დავინტერესდით, რომელი იყო ნამდვილი გეგმა და რატომ გამოაქვეყნა ქონების სააგენტომ facebook-გვერდზე სახელმწიფო ბიუჯეტის სამი თვის შესრულების ანგარიშში მოცემული რიცხვისგან განსხვავებული ინფორმაცია, რაზეც გიორგი დუგლაძის უწყებიდან წერილობითი პაუხით შემოიფარგლნენ:

„სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2020 წლის I კვარტალისთვის არაფინანსური აქტივების კლების საპროგნოზო მაჩვენებელი წარმოადგენს 23 000 000 ლარს, თუმცა სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ შიდა სტრატეგიის ფარგლებში დაგეგმა უფრო მაღალი საპროგნოზო მაჩვენებელი, რაც 32,500,000 ლარს წარმოადგენდა, აღნიშნული 134,25%-ით შესრულდა და ინფორმაცია განთავსდა სააგენტოს ვებ-გვერდზე”, - განაცხადეს სააგენტოში.

აღსანიშნავია, რომ პრივატიზაციის შიდა გეგმის შესახებ ქონების სააგენტოს ინფორმაცია არ აქვს გამოქვეყნებული, შესაბამისად, ჩვენ მისი გადამოწმება არ შეგვიძლია. 

ცნობისთვის: მთავრობის საპრივატიზაციო წლიური გეგმა 130 მლნ ლარითაა განსაზღვრული. შეიძლება დამთხვევაა, მაგრამ 130 მლნ-ს თუ 4-ზე გავყოფთ 32.5 მლნ-ს მივიღებთ. ეს ის რიცხვია, რაზეც ქონების ეროვნულმა სააგენტომ facebook-გვერდზე დაპოსტა, რომ კვარტლური გეგმა 32.5 მლნ ლარი იყო.

TOP-10 ყველაზე მსხვილი ქონება, რომელიც ქონების სააგენტომ 2020 წლის I კვარტალში გაყიდა