მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„პროფესიული უნარების სააგენტო“ დარგობრივი უნარების ორგანიზაციების შექმნას გეგმავს

6212177483266
სალომე ჭიპაშვილი
20.02.22 23:00
2150
„პროფესიული უნარების სააგენტო“ დარგობრივი უნარების ორგანიზაციების შექმნას გეგმავს. ამის შესახებ გადაცემაში „ქალების ნარატივი“, „პროფესიული უნარების სააგენტოს“ გენერალურმა დირექტორმა, თამარ ქიტიაშვილმა ისაუბრა.

„მთავარი საყრდენი, რომელიც ჩვენი სააგენტოს ინოვაციურობის საფუძველს წარმოადგენს, დარგობრივი უნარების ორგანიზაციები გახლავთ. ესენი იქნებიან ორგანიზაციები, რომლებიც თავის დარგში ბიზნესების უნარების პოლიტიკას განსაზღვრავენ. პირველი პიონერი უკვე გვყავს, ეს არის ორგანიზაცია „აგროდუო“ (აგრარული დარგობრივი უნარების ორგანიზაცია), რომელიც სხვადასხვა ორგანიზაციის ჩართულობითა და „ფერმერთა ასოციაციის“ ფასილიტაციით შეიქმნა. იმედი გვაქვს, ამ კუთხით წლის ბოლოსთვის დიდი პროგრესი გვექნება“,- განაცხადა თამარ ქიტიაშვილმა.

მისივე თქმით, სააგენტოს ერთ-ერთი მთავარი მიმართულება სასწავლო დაწესებულებების გაძლიერებაა.

„თანამედროვე სასწავლებელი მხოლოდ გარკვეული ლექციებისა და გაკვეთილების მიმწოდებელი სტრუქტურა არ არის. ჩვენ გვინდა საგანმანათლებლო დაწესებულებები უნარების ეკო სისტემებად გარდავქმნათ, სადაც შეიქმნება სამეწარმეო გარემო, წახალისდება და მხარი დაეჭირება სტუდენტების პოტენციალის გააქტიურებას, არა მხოლოდ დასაქმების მხარდაჭერის, არამედ მათი სამეწარმეო პოტენციალის რეალიზების კუთხით, მათი პიროვნული განვითარების მხარდასაჭერად. დავნერგავთ ფსიქოსოციალურ სერვისს, ბევრ სხვა ისეთ მხარდამჭერ კომპონენტს, რაც დაწესებულებას გარდაქმნის პიროვნების მხარდამჭერ ეკოსისტემად და არამხოლოდ გარკვეული კონკრეტული სერვისის მიმწოდებლად“, - აღნიშნა სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა.

ქიტიაშვილის ინფორმაციით, პროფესიული განათლების სისტემაში დასაქმების მაჩვენებელი პირველად 2013 წელს გაიზომა და ის 34%-ს შეადგენდა, პანდემიამდე ამ მაჩვენებელმა 62%-ს მიაღწია.

„სამწუხაროდ პანდემიამ როგორც ყველაფერი, დასაქმების მაჩვენებელი უკან დახია, მაგრამ იმედი გვაქვს, ამ მაჩვენებელს მალე დავუბრუნდებით და განვაგრძობთ ზრდის დინამიკას. ასევე ვფიქრობთ, რომ დასაქმების მაჩვენებლიდან, თვითდასაქმებისა და მცირე ბიზნესის დასაქმების მაჩვენებელიც გაიზრდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ინდიკატორია ჩვენთვის.“ - განაცხადა თამარ ქიტიაშვილმა.

ინფორმაციისთვის, „პროფესიული უნარების სააგენტო“ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და განათლების სამინისტროს პარტნიორობით დაფუძნდა. უნარების სააგენტოს მართვას სამეთვალყურეო საბჭო ახორციელებს, რომლის შემადგენლობაში ქვეყანაში მოქმედი 6 უმსხვილესი - არასექტორული ბიზნესმხარდამჭერი ორგანიზაცია/ასოციაცია და 6 სექტორული სამინისტრო შედიან.