მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩემი კოლეგები სააგენტოს ახალი მენეჯმენტისთვის საქმის გადაბარების შემდეგ დატოვებენ - თამარ ქიტიაშვილი

პროფესიული უნარების სააგენტო

პროფესიული უნარების სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელის განცხადებით, მისი გუნდის წევრები ახალი მენეჯმენტისთვის საქმის გადაბარების შემდეგ სააგენტოს დატოვებენ. ამის შესახებ თამარ ქიტიაშვილი Facebook-ის პირად გვერდზე წერს.

თამარ ქიტიაშვილის პროფესიული უნარების სააგენტოს ხელმძღვანელის პოსტიდან მოხსნის შესახებ ინფორმაცია განათლების მინისტრმა 5 მარტს მედიას დაუდასტურა. გიორგი ამილახვარმა სააგენტოს ხელმძღვანელის საქმიანობა დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ „იყო გარკვეული აცდენები იმ პოლიტიკის განხორციელების მექანიზმებში, რომელიც პირადად მე და სამინისტროს გვქონდა“.

სოციალურ ქსელში დღეს გამოქვეყნებულ პოსტში თამარ ქიტიაშვილის ადასტურებს სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით მისი სააგენტოს ხელმძღვანელის პოსტის დატოვებას.

„როგორც გამოუსწორებელ ოპტიმისტს, მჯერა ადამიანების, ღირსეული ადამიანების, მჯერა სამართლიანობისა და სიკეთის, მჯერა ერთგულებისა და თავდადების, მჯერა იმის, რომ ცხოვრებაში რაც კი ხდება, ყველაფერი რაღაც დიდ მიზანს ემსახურება და ხვალინდელი დღე უკეთესი იქნება, ასევე მჯერა, რომ იქ აღმოგვაჩენს სამყარო, სადაც ყველაზე მეტად ვართ საჭირო, შესაბამისად ყველა დასასრულს მიზეზი აქვს. ამიტომაც ცხოვრებისგან ყველა გამოწვევას სიმშვიდითა და მოთმინებით ვიღებ, ცხოვრების ყველა შემდგომი ეტაპის გართულების ლოგიკაც მესმის და შესაბამისი ძალებისა და რესურსის გაძლიერებაც ამით აიხსნება.

კვლავაც ერთგული ვარ იმ დიდი იდეისა, რასაც უნარების ეკოსისტემის განვითარება დავარქვით, იმ ხედვისა, რომელსაც გულანთებული ადამიანების უდიდესი ძალისხმევითა და სიყვარულით შეესხა ხორცი და ასევე უძვირფასესი მოკავშირეებისა და პარტნიორების ხელშეწყობით წამოდგა ფეხზე.

ვინაიდან ბევრ ზარსა და მესიჯს ვიღებ შეკითხვებით, მინდა აქაც დავადასტურო, რომ დიახ, დავტოვე გენერალური დირექტორის თანამდებობა უნარების სააგენტოში, სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით.

სააგენტოს მენეჯმენტი, ჩემი სუპერ-პროფესიონალი კოლეგები, მხოლოდ და მხოლოდ მშვიდი და თანამშრომლობითი განწყობით, ახალი მენეჯმენტისთვის საქმის გადაბარების შემდეგ დატოვებენ სააგენტოს, ისე რომ სააგენტოს ფუნქციონირება არ შეფერხდება.

რასაკვირველია, ჩვენთვის ეს გზის ბოლო არ არის, მივდივართ წინ, ვიყურებით მხოლოდ წინ, სავსე ვართ იდეებით, ინიციატივებითა და ჩვენი საქმის სიყვარულით. მზად ვართ და გახსნილები ვართ ახალი თანამშრომლობის შესაძლებლობებისთვის, ახალ გამოწვევებთან შეჭიდებისთვის“, - წერს თამარ ქიტიაშვილი.

პროფესიული უნარების სააგენტოს გიორგი ამილახვრის მრჩეველი უხელმძღვანელებს

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები