მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პროფესიული უნარების სააგენტოს გიორგი ამილახვრის მრჩეველი უხელმძღვანელებს

გიორგი ამილახვარი

Bm.ge-ის ინფორმაციით, პროფესიული უნარების სააგენტოს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გიორგი ამილახვრის მრჩეველი ირინე მარგიშვილი უხელმძღვანელებს.

პროფესიული უნარების სააგენტოში აღნიშნულს, ჯერჯერობით, არ ადასტურებენ, მაგრამ ახალი უფროსი რომ შერჩეულია, ეს გუშინ bm.ge-ის განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმაც დაუდასტურა.

„ახალი ხელმძღვანელი შერჩეულია, შემდეგ კვირაში სავარაუდოდ დასრულდება ფორმალური პროცედურები და საზოგადოება მის ვინაობას გაიგებს“, - თქვა გიორგი ამილახვარმა.

ირინე მარგიშვილს მინისტრის მრჩევლის პოზიცია 2023 წლის ბოლოდან უკავია, იქამდე პარლამენტის განათლების და მეცნიერების კომიტეტში მუშაობდა, უფრო ადრე, კი - „ალტე უნივერსიტეტში".

Bm.ge-ის ინფორმაციითვე, პროფესიული უნარების სააგენტოს ხელმძღვანელის პოსტიდან თამარ ქიტიაშვილის გადაყენების შემდეგ, სააგენტოს მენეჯმენტის ნაწილმა, დაახლოებით, 5-მდე ადამიანმა თანამდებობების დატოვების გადაწყვეტილების შესახებ განცხადებები დაწერეს, რაც უნარების სააგენტოს პრესსამსახურშიც დაგვიდასტურეს.

შეგახსენებთ: თამარ ქიტიაშვილის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ ინფორმაცია გიორგი ამილახვარმა გუშინ დაადასტურა. მინისტრი აცხადებს, რომ სამინისტროს ამ ინიციატივით სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭომ მიმართა, რომელში სხვადასხვა ბიზნესასოციაცია შედის. გიორგი ამილახვარს მიზეზებზე დეტალურად არ უსაუბრია, მაგრამ თქვა, რომ „ხედვებში აცდენები იყო“.

„მე მას <თამარ ქიტიაშვილს> ვესაუბრე, მან საკმაოდ წარმატებული წლები განვლო როგორც სააგენტოში, ასევე პროფესიული განათლების მიმართულებით და ბევრი საქმე გააკეთა, თუმცა იყო გარკვეული აცდენები იმ პოლიტიკის განხორციელების მექანიზმებში, რომელიც პირადად მე და სამინისტროს გვქონდა დასახული და ჩვენ ხელმძღვანელის შეცვლის გადაწყვეტილება მივიღეთ“, - განაცხადა მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები