მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პროფკავშირები: შსს-ს გათავისუფლებული თანამშრომლებისთვის 110 000 ლარის გადახდა დაეკისრა

60cb63f2d3f1e
ვიქტორია მღებრიშვილი
17.06.21 19:20
1022
პროფკავშირებმა დასაქმებულების სასარგებლოდ შსს-ს საქმე მოუგო - ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება ავრცელებს.

BM.GE პროფკავშირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უცვლელად გთავაზობთ.

„სასამართლომ პირადი განცხადების საფუძველზე მოსარჩელეთა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრძანებები ბათილად ცნო, აღადგინა მოსარჩელეები სამსახურში და შინაგან საქმეთა სამინისტროს დააკისრა იძულებითი განაცდურისა და გამოუყენებელი შვებულების თანხების ანაზღაურება, რომელიც 110 000 ლარს აღემატება.

2017 წლის 6 დეკემბერს თანამშრომლებს, მათ შორის შორენა ჯახუასა და თეა მიხანაშვილს განემარტა, რომ საქართველოს შსს-ს კადრების უფროსის დავალებისამებრ, ყველას უნდა შეედგინა პირადი განცხადებები და მოეთხოვა კადრების განკარგულებაში აყვანა. აღნიშნული განპირობებული იყო სამინისტროს რეორგანიზაცით, რის დასრულებისთანავე ყველა თანამშრომელი ხელმეორედ დაინიშნებოდა.

პირადი პატაკების (განცხადებების) საფუძველზე, ისინი მართლაც გაათავისუფლეს სამსახურიდან და აიყვანეს კადრების განკარგულებაში, საიდანაც 2018 წლის 10 აპრილს კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო დაითხოვეს.

საქმის განხილვის შედეგად სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხე სამინისტრომ, ოთხი თვის განმავლობაში, კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში არ გამოიკვლია და არ შეაფასა მხარეთა ის განმარტება და პოზიცია, რომ მათ მოტყუებით, შეცდომაში შეყვანით დააწერინეს პატაკი და რომ თანამდებობიდან გათავისუფლება და კადრების განკარგულებაში აყვანა მათ ნებას არ წარმოადგენდა და მათ სურდათ სამსახურის გაგრძელება. სამინისტრომ ისე გაათავისუფლა, მოსარჩელეები, რომ არც დაინტერესებულა რამ განაპირობა მათ მიერ პატაკის დაწერა კადრების განკარგულებაში აყვანის თაობაზე. აღნიშნული განხორციელდა თუ არა ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად და ა.შ. სამინისტროს არ ჩაუტარებია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ადმინისტრაციული წარმოება ინდივიდუალური აქტის გამოსაცემად, რა დროსაც სამინისტრო ვალდებული იყო მიუკერძოებლად გამოეკვლია ყველა ფაქტობრივი გარემოება კანონიერი გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.02.2020 წ. გადაწყვეტილებით:

1) ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 08 დეკემბრის და 2018 წლის 10 აპრილის ბრძანებები მოსარჩელეთა თანამდებობიდან გათავისუფლების და კადრების განკარგულებაში აყვანისა და კადრების განკარგულებაში მყოფი მოსარჩელეთა შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ.

2) დაავალა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ – სამართლებრივი აქტი, რომლითაც მოსარჩელეები აღდგებიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის პრესცენტრის (სამმართველო) მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე ან ტოლფას თანმდებობაზე.

3) დაეკისრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსარჩელეთა სასარგებლოდ გათავისუფლების დღიდან, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე, იძულებით განაცდურისანაზღაურება;

4) დაეკისრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსარჩელეთა სასარგებლოდ 2017 წლის გამოუყენებელი ანაზღაურებადი შვებულების თანხის ანაზღაურება.

მოსარჩელეთა ინტერესებს სასამართლოში პროფკავშირების იურისტი სერგო მახარაძე იცავს“, - ნათქვამია პროფკავშირების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.