მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2021 წელს შსს-ს მიერ თანამშრომლებზე გაცემული ₾9 მლნ-ის ფულადი ჯილდო დაუსაბუთებელია - აუდიტი

6444db9c7edce
თამთა ჯიჯავაძე
23.04.23 13:01
892
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებში დასაქმებულ ზოგიერთ თანამშრომელს, 2021 წლის 1 იანვრიდან, წინასწარ, მთელი წლის განმავლობაში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის შესაბამისი ბრძანებებით, დაენიშნა ყოველთვიური დანამატი. ზეგანაკვეთური სამუშაო რეჟიმი დამახასიათებელია სამინისტროს სისტემისთვის, თუმცა დანამატის გაცემა არ იყო სათანადოდ დასაბუთებული, - ამის შესახებ აღნიშნულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების 2021 წლის ანგარიშში.

აუდიტის ანგარიშის თანახმად, დანამატის სახით გაცემულმა თანხამ წლის განმავლობაში 10,475,464 ლარი შეადგინა და ნაწილდება სამინისტროში სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების 7184 თანამშრომელზე.

ამასთან, აუდიტი ამბობს, რომ 2021 წლის მარტსა და დეკემბერში სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებში გაცემული ფულადი ჯილდო არ არის საკმარისად დასაბუთებული, ვინაიდან არ არის სათანადოდ დოკუმენტირებული ბრძანების საფუძველი და 9 მლნ ლარამდე ფულადი ჯილდოს გაცემის მოტივი. კერძოდ, 2021 წლის მარტში 5,360 თანამშრომელზე გაცემულია 696,540 ლარის ფულადი ჯილდო, ხოლო დეკემბერში 27,886 ერთეულზე 8,285,400 ლარი.

„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“საქართველოს კანონის მიხედვით, საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული პირის მიერ წლის განმავლობაში მიღებული ფულადი ჯილდოს საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ პირის მიერ დაკავებული თანამდებობის/პოზიციის თანამდებობრივი სარგოს წლიური ოდენობის 10%-ს, ხოლო სახელფასო დანამატის საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ პირის მიერ დაკავებული თანამდებობის/პოზიციის თანამდებობრივი სარგოს წლიური ოდენობის 20%-ს.

ამასთანავე, აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის სამხედრო ან სპეციალური წოდების მქონე პირის მიერ დამატებითი ანაზღაურების მისაღებად დასაკმაყოფილებელი კრიტერიუმები (მათ შორის, ნამსახურები წლები) და დანამატის ოდენობა განსაზღვრულია შესაბამისი ნორმატიული აქტით ან/და „საიდუმლო“ გრიფის მქონე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით სახელფასო დანამატი წარმოადგენს საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული პირის მიერ ზეგანაკვეთური სამუშაოს ან/და დამატებითი ფუნქციების შესრულებისათვის, მათ შორის, ღამის საათებში, დასვენების/უქმე დღეს და ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში საქმიანობისათვის განსაზღვრულ თანხას“, - წერს აუდიტი.

2021 წელს სამინისტროში „შრომის ანაზღაურების“ მუხლით გაწეულმა საკასო ხარჯმა 627,739,853 ლარი შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები