მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

PSP Pharma-ს ორი შეკითხვა წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის კანონში ცვლილებებზე

6384b9bb7f94e
ვიქტორია მღებრიშვილი
28.11.22 17:52
1120
PSP Pharma წარმომადგენელი მამუკა ბრეგვაძემ საქართველოს პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს, თამარ გაბუნიას ორი კითხვა დაუსვა.

პირველი შეკითხვა სასამართლოს ფუნქციების შემცირებით ფარმაცევტული კომპანიების კონტროლს ეხებოდა. მამუკა ბრეგვაძემ აღნიშნა, რომ ფარმაცევტული კომპანიების რეგულირებაში შესატანი ცვლილებები პარლამენტში 2020 წელსაც განიხილებოდა, თუმცა მაშინ უწყების ეს ინიციატივა პარლამენტმა არ მოიწონა.

„სამეწარმეო კონტროლის შესახებ კანონში შესატანი ცვლილება, ეს პროცესი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 2 წლის წინ იქნა გავლილი, როდესაც საკანონმდებლო ცვლილებებში იგივე მოთხოვნები იყო დაყენებული და პარლამენტმა ამის შემოტანასთან დაკავშირებით სამინისტროს უარი უთხრა. საინტერესოა დღეს რა შეიცვალა?

აქ აპელირება მხოლოდ რეფერენტულ ფასებზე კეთდება, რომ ამ ნაწილში შეიძლება შემოვიტანოთ ეს სამეწარმეო კონტროლი სასამართლოს გვერდის ავლით, თუმცა დღევანდელი რედაქციით რა ჩანაწერიცაა, სამინისტროს ანიჭებს უფლებამოსილებას, ნებისმიერ საკითხზე, რასაც მეწარმე ახორციელებს, შევიდეს საწარმოში, დალუქოს, დააყადაღოს და ა.შ.“, - განაცხადა PSP Pharma-ს წარმომადგენელმა.

მეორე შეკითხვა კი რეფერენტული ფასების პოლიტიკის შემუშავებისას რეფერენტული ფასწარმოქმნის პრინციპების შემუშავებას შეეხებოდა, რომელმაც სახელმწიფოს მოქმედების არეალი უნდა განსაზღვროს, რათა ბაზარზე ცუდი მდგომარეობა არ შეიქმნას.

„რეფერენტული ფასები ზოგადად მნიშვნელოვანი საკითხია და არც ერთ რეფერანტ ქვეყანაში, რომელსაც ჩვენ ვუყურებთ და არც სხვაგან, ეს ცალკე არ მოქმედებს. რეფერენტული ფასები ყოველთვის სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული პოლიტიკის და საყოველთაო - კერძო დაზღვევების პოლიტიკის თანმდევად მოქმედებს. ვფიქრობთ, აუცილებელია საკანონმდებლო დონეზე განისაზღვროს რეფერენტული ფასწარმოქმნის პრინციპები. შესაბამისად, სამინისტროს ექნება არეალი, რომელშიც უნდა იმოქმედოს, დღეს რეფერენტული ფასების პოლიტიკა და ფასწარმოქმნის განსაზღვრა ჯანდაცვის სამინისტროს მხარესაა გადატანილი. საკანონმდელო ნაწილში არანაირი ჩარჩო არ არის გაწერილი - რა ფარგლებში უნდა იმოქმედოს სახელმწიფომ, რომ რეფერენტული ფასების ცუდად დასმით ბაზარზე ცუდი მდგომარეობა არ გამოვიწვიოთ. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ საკანონმდელო დონეზე გასაწერია, მინიმუმ ის პრინციპები, რომელთა შესაბამისადაც უნდა დადგინდეს რეფერენტული ფასი“, - განაცხადა მამუკა ბრეგვაძემ.

კომიტეტს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძეს ესწრებოდა, რომელმაც აღნიშნა, რომ ეს ცვლილებები ბიზნესგარემოს ცალსახად აუარესებს.

„ჩვენ ვსაუბრობთ ბიზნესგარემოს გაუარესებაზე. ცალსახად ეს ჩანაწერი ნეგატიურად აისახება ზოგადად ბიზნესგარემოზე და ეს ალბათ ყველამ უნდა გავითვალისწინოთ. ტერმინი „მიმოქცევა“ არ ნიშნავს მხოლოდ ფარმაცევტულ საქმიანობას, ამ ტერმინის ქვეშ შეიძლება აღმოჩნდეს ყველა კლინიკა, სადაც მედიკამენტები ინახება და ეს ყველაფერი მთელ სფეროს ეხება. ამას მეტი დაფიქრება სჭირდება“, - აღნიშნა მან.

ცნობისთვის, ჯანდაცვის სამინისტრო ქვეყანაში მოქმედი კლინიკებისთვის სანქციების გამკაცრებას 2020 წელს გეგმავდა, ამას უწყების მიერ მომზადებული კანონპროექტი ითვალისწინებდა, რომლის მიხედვით, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს უფლებამოსილებები იზრდება, ხოლო სამედიცინო გადაცდომებში დავების და სანქციების განხილვის პროცესში სასამართლო ზედამხედველობის მოდელი ნაწილობრივ უნდა შეცვლილიყო, რა დროსაც სამინისტროს ფუნქციები გაიზრდებოდა. მათ შორის სანქციები კლინიკების მიერ დოკუმენტების გაყალბების შემთხვევებზეც უნდა გამკაცრებულიყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები